Belive

პოლონეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია კვლავ ვერ დაეხმარება

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპაში დაგეგმილი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს მართავს. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში 2 და ლიეტუვაში 1 შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს კი პოლონეთში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. 

ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მწყობრშია. პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, რომელიც ტურნირის მონაწილე 5 ქვეყანას კატოვიცეში მიიღებს. პოლონელებმა დაიმატეს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასულ “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთს ბოლოს 2 წლის წინ, საბერძნეთში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ აკროპოლისის თასზე შევხვდით და 76:87 დავმარცხდით. იმ მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც 14 აგვისტოს პოლონეთთან არ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციით ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.

საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები