პირველად ისტორიაში - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.
ილიას ზუროსის გუნდს გიორგი შერმადინმა ულიდერა, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. 20 ქულას, 6 მოხსნას, 5 ასისტს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი თორნიკე შენგელიამ.
ისლანდიელთა რიგებში 25 ქულითა და 1 მოხსნით ელვარ ფრიდრიქსონი გამოირჩა.
საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური იტალიამ და ესპანეთმაც გაიფორმეს.
ტურნირი, რომელსაც იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებენ, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში არგენტინას მოუგო.
🇬🇪 𝐇𝐈𝐒𝐓𝐎𝐑𝐘 𝐅𝐎𝐑 𝐆𝐄𝐎𝐑𝐆𝐈𝐀 🇬🇪
— FIBA Basketball World Cup 2023 🏆 (@FIBAWC) February 26, 2023
Georgia are going to the FIBA Basketball World Cup for the first time in their history! 💥#FIBAWC x #WinForGeorgia pic.twitter.com/llFaqIpMIN