Belive

ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო, ტორონტო ნიქსთან დამარცხდა | ორივე ქართველმა ითამაშა

3 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა, ორლანდო მეჯიქმა ვაშინგტონ უიზარდსს 126:109 მოუგო, ხოლო ტორონტო რეპტორსი ნიუ იორკ ნიქსთან 95:111 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ უიზარდთან 21:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 25 ქულა დააგროვა დესმონდ ბეინმა, ვაშინგტონის რიგებიდან 19 ქულით გამოირჩა უილ რაილი.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 28 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 მარტს, დალას მავერიქსის წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ქართველი კალათბურთელის შეხვედრას რაც შეეხება, სანდრო მამუკელაშვილმა 16:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში 31 ქულით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ბრენდონ ინგრამს. ჯეილენ ბრანსონმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მან 26 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კარლ-ენტონი თაუნსს - 21 ქულა, 12 მოხსნა.

ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 26 მარცხით მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 მარტს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები