Belive

ორლანდომ მოიგო, სან ანტონიო დამარცხდა | ქართველებს არ უთამაშიათ

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრები გამართეს ქართველების გუნდებმა. "ორლანდო მეჯიქმა" "შარლოტ ჰორნეტს" 101:89 მოუგო, ხოლო "სან ანტონიო სპურსი" "ჰიუსტონ როკეტსთან" 13 ქულის სხვაობით, 114:101 დამარცხდა. გოგა ბითაძეს მეჯიქში, სანდრო მამუკელაშვილს კი სპურსში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემიათ.

ამ სეზონში მივეჩვიეთ, რომ ორლანდოს თამაში მეტწილად პაოლო ბანკეროზეა დამოკიდებული. შარლოტთან შეხვედრაში ბანკერომ, საკუთარი გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტიც ითამაშა და ყველაზე მეტი ქულაც აიღო. ამერიკელის ანგარიშზე, 33 წუთში, 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. ყველაზე ახლოს ორმაგი დუბლის შესრულებასთან, ორივე გუნდის მხრიდან, ორლანდოს ძირითადი ცენტრი, ვენდელ კარტერი იყო, რომელსაც 12 ქულა ჰქონდა და მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ორმაგამდე.

ზედიზედ 2 მოგებული შეხვედრის შემდეგ, სან ანტონიო ისევ დამარცხდა. დიდებული თამაში ჰქონდა ჰიუსტონის ცენტრს, თურქ ალპერენ შენგუნს, რომელმაც გრეგ პოპოვიჩის გუნდს 45 ქულა ჩაუგდო, 16-ჯერ მოუხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამის გარდა, 21 წლის ცენტრმა 5-ჯერ მოიპარა ბურთი. ვიქტორ ვემბანიამა ჩვეულად შედეგიანი არ იყო ქულებში, თუმცა ორმაგი დუბლი მაინც შეასრულა, 10 ქულა და 11 მოხსნა, აღსანიშნავია, რომ სამმაგის შესრულება დაფარებებით შეეძლო, ფრანგის ანგარიშზე 7 ბლოკი დაგროვდა.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება, 62 ჩატარებულ შეხვედრაში მათ 36-ჯერ მოიგეს, სან ანტონიო სპურსი კი უკვე მთელი სეზონია დასავლეთის ცხრილის ბოლოშია, მათ რეგულარულში 49-ედ წააგეს.

სხვა სტატიები