Belive

ოფიციალურად - ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები დატოვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა თავკაცმა - ილიას ზუროსმა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ილიას ზუროსს საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი ამოეწურა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კი კონტრაქტი არ გახანგრძლივდა. 

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს, ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.

ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გაიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.

ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით, უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს, იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის განმავლობაში გასწია.
ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს. - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2016 წლიდან იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი. 

სხვა სტატიები