Belive

ოფიციალურად | იანის ანტეტოკუნმპო მაიამის კალათბურთელია

3 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ში მიმდინარე უქმეების ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური მოვლენა ოფიციალურად შედგა. ტერმინი „ბლოკბასტერ ტრეიდი“ ხშირად გამოიყენება, თუმცა ეს შემთხვევა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მილუოკი ბაქსმა გუნდის მთავარი სიმბოლო და ფრენჩაიზის მთავარი ვარსვკლავი, იანის ანტეტოკუნმპო, ბობი პორტისთან ერთად, მაიამი ჰიტში გაცვალა.

ამ გარიგების სანაცვლოდ ბაქსმა უზარმაზარი პაკეტი მიიღო, რომელიც ტაილერ ჰიროს, ხაიმე ხაკეს JR-ს, კელ'ელ უეირს, კასპარას იაკუჩიონისსა და რამდენიმე მომავალ დრაფტ-პიკს მოიცავს. ანალიტიკოსთა აზრები ამ ტრანსფერზე ორად იყოფა, თუმცა ფაქტია, რომ ორივე გუნდი ახალი შემადგენლობით სრულიად ახალ ეპოქას იწყებს.

ამ გარიგების შემდეგ, მილუოკი ბაქსის მფლობელებმა (უეს ედენსმა, ჯიმი და დი ჰასლამებმა და ჯეიმი დინანმა) ESPN-ის ინსაიდერ შამს ჩარანიას მეშვეობით ოფიციალური და ძალიან გულწრფელი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ჩემპიონობის მოტანიდან დაწყებული, ჩვენი ფრენჩაიზის სრულ ტრანსფორმაციამდე, იანისის გავლენა მილუოკზე სამუდამო და ღრმაა. ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ ამ საოცარი და ისტორიული ერთობლივი მოგზაურობისთვის. 13 სეზონის განმავლობაში მან ყველაფერი გაიღო ამ ორგანიზაციისთვის და საკუთარი თავდაუზოგავი შრომით, თავმდაბლობითა და გულით შთააგონა ჩვენი ქალაქი. ის ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ და ამავდროულად, მილუოკის საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იანისი ჩვენს ორგანიზაციას ყოველთვის წარმოადგენდა ავთენტურობით, ხასიათითა და მილუოკის ხალხისადმი უდიდესი ერთგულებით. მისმა დაუვიწყარმა მომენტებმა და გავლენამ თამაშს მიღმა, ბაქსის კალათბურთის მთელი ეპოქა განსაზღვრა და ჩვენი ფრენჩაიზი გლობალურ ასპარეზზე აიყვანა. ცოტა მოთამაშეს თუ დაუტოვებია ასეთი მნიშვნელოვანი კვალი გუნდზე, ქალაქსა და გულშემატკივრების მთელ თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი დასრულდა, იანისის მემკვიდრეობა მილუოკიში დაცულია. ეს ყოველთვის იგრძნობოდა აქ დარბაზის თაღებზე, ჩვენს საზოგადოებაში და იმ უამრავ ადამიანში, ვინც მან შთააგონა.

ის სამუდამოდ ბაქსის წევრი და ლეგენდა იქნება..." - ვკითხულობთ ბაქსის მფლობელების განცხადებაში

ცხადია, ანტეტოკუნმპოსნაირ მოთამაშესთან განშორება, რომელიც გუნდისთვის ამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ნებისმიერი კლუბისთვის და ქალაქისთვის უმძიმესია. თუმცა, მომავალი ახლა იწყება - მილუოკის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს ნაბიჯი ფრენჩაიზის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ვარსკვლავი მაიამიში 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.