Belive

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ?

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ

დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ?

სლოვენიის ნაკრები ჯგუფის აშკარა ფავორიტია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, ,,დალას მავერიქსის'' სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ულიდერებს.

სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე სულ სამჯერ უასპარეზიათ - 2006 წელს მე-9 ადგილი დაიკავეს, 2010 წელს მე-8, 2014 წელს კი - მე-7.

ბალკანური ნაკრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2017 წელი იყო, როცა იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტზე 9-დან 9 მატჩი მოიგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. რაც შეეხება ბოლო ევროპის ჩემპიონატს, სლოვენიამ ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა.

სლოვენიის ნაკრებმა 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა, სადაც 4 მოგებითა და 2 წაგებით მე-4 ადგილი დაიკავა. გუნდს 2020 წლიდან ალექსანდრ სეკულიჩი წვრთნის.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით სლოვენია მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

საქართველოს სლოვენიის წინააღმდეგ აქამდე სამჯერ უთამაშია, სამივე შემთხვევაში ევრობასკეტზე და სამივე მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

___________________________________________________________________________________________

საქართველოს მსგავსად, კაბო ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტია, რომელიც გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა ისტორიაში, რომელმაც ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა (მონტენეგროს რეკორდი გააუმჯობესა)

აფრიკული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა 2007 წელს აფრობასკეტზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.

კაბო ვერდეს მთავარი ვარსკვლავი მადრიდის ,,რეალის'' 31 წლის ცენტრი, ედი ტავარეშია, რომელსაც საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის წინააღმდეგ არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

საინტერესოა, რომ კაბო ვერდეს ნაკრებში თამაშობს ჟოელ ალმეიდა, რომელიც 2020-2021 წლებში ,,ქუთაისის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით სლოვენია მსოფლიო რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ამ ნაკრების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

___________________________________________________________________________________________

სლოვენიის შემდეგ, ჩვენს ჯგუფში მონაწილე ნაკრებებს შორის რეიტინგში ყველაზე მაღალ ადგილს ვენესუელა (მე-17) იკავებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშებს.

აქამდე სამხრეთ ამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1990 წელს დააფიქსირეს, როცა მე-11 ადგილზე გავიდნენ. ნაკრებს, ასევე, მონაწილეობა ორ ოლიმპიადაზე (1992, 2016) აქვს მიღებული.

2015 წელს ვენესუელამ FIBA AmeriCup-ის ფინალში არგენტინა დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. მათ ამერიკის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც აქვთ მოპოვებული.

უშუალოდ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე კი ვენესუელას ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

კაბო ვერდეს მსგავსად, საქართველოს არც ამ ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია.

____________________________________________________________________________________________

2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს.

სხვა სტატიები