მამუკელაშვილის 5 ქულა კლივლენდთან - სან ანტონიო დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "სანა ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 113:114 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და ერთი შეხედვით საქმე მოგვარებული ჰქონდათ, თუმცა სან ანტონიომ, ბოლო 2 მეოთხედში ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და ბოლო წამზე სროლით მოგებაც შეეძლოთ.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, ამ დროში ქართველმა საკუთარ გუნდს 5 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.
აღსანიშნავია 20 წლის სტეფონ ქასლის თამაში, რომელსაც მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე (22, 9, 11). სან ანტონიოს ბოლო 3 ტყორცნა ჰარისონ ბარნსმა შეასრულა - მაშინ, როცა ჩამორჩენა 7-ქულიანი იყო, ბარნსმა ზედიზედ 2 სამიანი ჩაუგდო სტუმრებს, კლივლენდის შეტევებიც მოიგერიეს და გამარჯვების ტყორცნის შესრულებაც საკუთარ თავზე ბარნსმა აიღო, თუმცა 3-წამიანიდან დაკიდებული ბურთი აღარ ჩავარდა და სან ანტონიო 1 ქულით დამარცხდა.