Belive

ლუკა დონჩიჩი: "მეორე თამაშის წაგება ჩემი ბრალია"

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის სუპერფინალში "ბოსტონ სელტიქსს" საქმე არაჩვეულებრივად მისდის, მათ "დალას მავერიქსს" სერიის მეორე თამაშიც მოუგეს (105:98) და ნანატრ ჩემპიონობასთან ახლოს არიან. ახლა ანგარიში 2:0-ია და სერიის მომდევნო 2 თამაში დალასში გადაინაცვლებს.

თამაშის საუკეთესო 5 მექულეს შორის ოთხი ბოსტონელია: მათგან ყველაზე მეტი ჯრუ ჰოლიდეიმ აიღო - 26 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ჯეილენ ბრაუნი 21 ქულითა და 7 ასისტით, ჯეისონ ტეიტუმი, რომელსაც მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა სამმაგამდე - 18 ქულა, 9 მოხსნა და 12 გადაცემა, მეოთხე კი დერიკ ვაითი იყო, რომელსაც ასევე 18 ქულა დაუგროვდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სლოვენიელი ბრილიანტის, ლუკა დონჩიჩის თამაში, სწორედ ისაა მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე, რომელმაც ამასთან ერთად სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 32 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. დალასის რიგებში 17 ქულაზე მეტი არავის აუღია და შეიძლება ითქვას, რომ კაირი ირვინგმა თამაში ჩააგდო, მას მხოლოდ 16 ქულა ჰქონდა. დონჩიჩმა 42 წუთის განმავლობაში 8-ჯერ დაკარგა ბურთი, მატჩის შემდეგ კომენტარი სწორედ ამასთან დაკავშირებით გააკეთა და წაგებაში საკუთარი თავი დაიდანაშაულა.

ვფიქრობ, ჩემი ცუდად ნასროლი საჯარიმოები და ამდენი დაკარგვა გუნდს წაგებად დაუჯდა, ამიტომ ამ ორ კატეგორიაში უკეთესად თამაში მმართებს - განაცხადა მატჩის შემდეგ ლუკა დონჩიჩმა

დალასმა საჯარიმო სროლები მართლაც ძალიან ცუდად შეასრულა, მათი ზუსტი ტყორცნების მაჩვენებელი მხოლოდ 66% იყო, სამქულიანები კი გაცილებით საშინლად - მხოლოდ 23%-იანი სიზუსტით ისროლეს. სერიის მესამე შეხვედრა 13 ივნისს, დალასში ჩატარდება.

სხვა სტატიები