Belive

"ლიეტუვასთან მატჩში გამოჩნდება თუ სად ვიმყოფებით" - ილიას ზუროსი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

კაუნასში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჟალგირისის არენაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა, რომელიც ჟალგირისს 2011 და 2013 წლებში წვრთნიდა, მისი ყოფილი კლუბის არენაზე, საქართველოს ნაკრები ერთი საათის განმავლობაში ავარჯიშა. ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ლიეტუვასთან სათამაშოდ ბერძენი სპეციალისტი გუნდს სხვადასხვა კომპონენტში ამზადებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.

დღევანდელ ვარჯიშში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის იყოს მზად. 

საქართველოს ნაკრები დღეს ჟალგირისის არენაზე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელზეც ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა უფრო მეტად დატვირთავენ მოთამაშეებს. ვარჯიში კაუნასის არენაზე, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ კაუნასში დავბრუნდი. ეს ქალაქი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. აქ ვცხოვრობდი და აქაურობასთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს. ჩემი შვილი აქ დაიბადა, აქ ყოფნა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა. ახლა რაც შეეხება თამაშს, ხვალინდელი მატჩი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დავინახოთ თუ სად ვართ და ეს გავაკეთოთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რადგან ეს გუნდი აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებს. ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. წინ 2 ურთულესი მატჩი გველის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი, გუნდის პოტენციალის გაუმჯობესებაა, როგორც დაცვის, ასევე შეტევის თვალსაზრისით. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ მომზადების პროცესში წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ. - ილიას ზუროსი

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები