კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ?
3 წლის წინ
კალათბურთი
9 წთ
ავიაკატასტროფიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტები - დაწყებული პილოტის გამოცდილებითა და კვალიფიკაციით, გაგრძელებული მეტერეოლოგიური პირობებითა და დასრულებული შვეულმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციით, ცნობილია! შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტი, თუ რამ გამოიწვია ავიაკასტროფა უახლოესი კვირების განმავლობაში გამოქვეყნდება. ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდი (NTSB) 2021 წლის 9 თებერვალს ოფიციალურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, რომლითაც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ დროისათვის, ბორდმა ტრაგედიასთან დაკავშირებით 1852 გვერდიანი ფაქტობრივი მტკიცებულებები უკვე გამოაქვეყნა - მათ შორის ელექტრონული საფოსტო გზავნილები, ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, მეტეოროლოგიური ჩანაწერები და ავიაკატასტროფის მიმდებარე ტერიტორიებიდან გადაღებული ვიდეო მასალები.
"მსგავსი კატასტროფების გამოძიება პაზლის აწყობას ჰგავს"
"მსგავსი კატასტროფების გამოძიება პაზლის აწყობას ჰგავს", - აღნიშნა ენტონი ბრიკჰაუსმა. NTSB-ის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც ამჟამად ემბრი-რიდლის აერონაუტიკური უნივერსიტეტის, ავიაციის უსაფრთხოების ასოცირებული პროფესორია - გამოძიების სირთულეებზე საუბრობს. ბრიკჰაუსის მტკიცებით, ეს არის პროცესი, რომელიც უმცირეს დეტალებზე დაკვირვებასაც მოითხოვს და პროცესი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გამოძიება დასკვნით ფაზაშია და რამდენიმე კვირაში ოფიციალური მოხსენება გამოქვეყნდება. NTSB-ის მიერ უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტების შედეგად, შემდეგი გარემოებები გახდა ცნობილი.ფრენა
დილის 8:39 საათზე, პილოტმა არა ზობაიანმა, ბრაინტის მარშრუტთან დაკავშირებით, მძღოლებს, კონსიერჟსა და შვეულმფრენის კომპანიის წარმომადგენელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. 30 წუთის შემდეგ, შვეულმფრენი უკვე ჰაერში იყო და კამარილოსკენ მიემართებოდა, სადაც მგზავრები ახალგაზრდულ გუნდებს შორის გასამართ საკალათბურთო მატჩს უნდა დასწრებოდნენ. კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილთან ერთად შვეულმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. შვეულმფრენი ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიფრინავდა. გლენდეილის მიდამოებში შვეულმფრენმა სიმაღლის შემცირება დაიწყო, რაზეც ავია უსაფრთხოების დისპეჩერსა და პილოტს შორის შემდგარი საუბარიც მეტყველებს. "აპირებთ თუ არა კამარილომდე დაბალ სიმაღლეზე ფრენის გაგრძელებას?" - დისპეჩერის კითხვას პილოტმა დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნული საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, სამხრეთ კალიფორნიის საჰაერო კონტროლის დისპეჩერთა სმენა შეიცვალა. შვეულმფრენმა მთაგორიანი რელიეფისკენ ფრენა განაგრძო - აღსანიშნავია, რომ კატასტროფის დროს, იმ რეგიონში მხედველობა საგრძნობლად იყო გაუარესებული.როდესაც ახალი ცვლის ავიადისპეჩერი პილოტს დაუკავშირდა, ზობაიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1200 მეტრის სიმაღლეზე ღრუბლებს მიღმა მიფრინავდა - რეალურად, შვეულმფრენი არაუმეტეს 488 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, რის შემდეგად ბორცვს შეეჯახა. "მასიური ნაცრისფერი ღრუბლები, რომლებიც დილის საათებში ხშირად იწვევენ ნისლს და მთაგორიანი რელიეფი მომაკვდინებელი კომბინაცია", - აღნიშნა ჯეკ კრესმა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა პილოტმა.
შვეულმფრენი
NBA-ის ვარსკვლავური კარიერისა და მისი დასრულების შემდეგაც, კობი ბრაიანტი ხშირად გადაადგილდებოდა შვეულმფრენით. კობი ბრაიანტი რეგულარულად სარგებლობდა Island Express-ის მომსახურებით. 2019 წელს ბრაიანტმა აღნიშნული კომპანიის შვეულმფრენით 13-ჯერ ისარგებლა. შვეულმფრენი (Sikorsky S-76B), რომელიც ავიაკატასტროფაში მოყვა ბრაიანტისთვის საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. 2016 წელს, "ლეიკერსის" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში, ბრაიანტი სწორედ აღნიშნული შვეულმფრენით მივიდა. კრესის მტკიცებით, Sikorsky S-76B საკმაოდ პოპულარული შვეულმფრენია, რომელიც უსაფრთხოების მაქსიმალური ნორმებით გამოირჩევა. მსგავსი შვეულმფრენით, დედოფალი ელისაბეთ მეორე და არაერთი გავლენიანი კომპანიის ხელმძღვანელობა სარგებლობს."ეს შვეულმფრენები ციდან უბრალოდ არ ვარდებიან", - განაცხადა კურტ დიტცმა, რომელიც ბრაიანტის ერთ-ერთ მოგზაურობაში ამ შვეულმფრენის პილოტი გახლდათ. ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდმა (NTSB) ჩამოვარდნილი შვეულმფრენის დეტალური შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ შვეულმფრენის ძრავი, ფიუზელაჟი და ფრენისათვის საჭირო სხვა მოწყობილობები მწყობრიდან არ იყო გამოსული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა ორი უმნიშვნელოვანესი დეტალის არ ქონა, რომელიც NTSB-ის მოხსენებაში მოხვდა. შვეულმფრენი, რომლითაც ბრაიანტი გადაადგილდებოდა არ იყო აღჭურვილი ფრენის ჩამწერით (ე.წ შავი ყუთი). აღნიშნული დეტალი გამოძიებას ბევრ რამეში დაეხმარებოდა და არაერთ კითხვას გასცემდა პასუხს. შვეულმფრენს ასევე არ გააჩნდა მაფრთხილებელი სისტემა (TAWS). დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს, ხმელეთთან საგანგაშო სიახლოვეზე ყოფნის შემთხვევაში, ეს მოწყობილობა პილოტს განგაშის სიგნალს გადასცემს.