ლეგენდარულმა კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა, 2016 წელს წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან მომავალ "შავ მამბას" ცხოვრებიდან საინტერესო გამოცდილება გაუზიარა. ვერავინ იფიქრებდა, რომ კალათბურთის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული, შრომისმოყვარე და შინაგანი დისციპლინის მოთამაშე, ცხოვრებას 41 წლის ასაკში დაასრულებდა.დღეს კობი 44 წლის გახდებოდა. ვფიქრობთ, მისი ნააზრევი, სახელწოდებით "წერილი ჩემი ახალგაზრდობის წლებს", ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.
ძვირფასო 17 წლის კობი,
მას შემდეგ, რაც შენი ოცნება ახდება და "ლეიკერსის" რიგებს შეუერთდები, უნდა გადაწყვიტო, რა გზით განახორციელო ინვესტიცია შენს ოჯახსა და მეგობრებში. თითქოს, მარტივად ჟღერს და შეიძლება იფიქრო, რომ ამ ყველაფერს დიდი გონებრივი შესაძლებლობები არ სჭირდება, თუმცა გააზრებისთვის დრო გჭირდება.
მე ვთქვი: ინვესტიცია.
და არა გაცემა.
მოდი კარგად აგიხსნი.
შენი დებისთვის და მეგობრებისთვის მატერიალურად გვერდში დადგომა სწორ გადაწყვეტილებას ჰგავს. გიყვარს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შენს გვერდით იდგნენ. შესაბამისად, ფიქრობ, რომ მათ შენი წარმატება უნდა გაიზიარონ და ასევე, მიიღონ ყველაფერი, რაც შენს წარმატებას მოსდევს. მათთვის ყიდულობ ავტომობილს, იხდი მათ გადასახადებს და გსურს, შენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული გახადო.
ასეა, ხომ?
რამდენადაც გჯეროდა, რომ სწორად იქცეოდი, იმდენად უშლიდი შენი საყვარელ ადამიანებს პროგრესს ხელს. დადგება დღე, როდესაც ამას მიხვდები,
გაიაზრებ, რომ მათ იმიტომ ეხმარებოდი, რომ რეალურად, ამით სიამოვნებას შენ იღებდი. შენ გიხაროდა ის, რომ არაფერი ადარდებდათ და მათ სახელზე ღიმილს ხედავდი - ეს კი ძალიან ეგოისტურად ჟღერს. მაშინ, როდესაც სიამოვნებას იღებდი, შენი საქციელით მათ ამბიციებსა და ოცნებებს ამსხვრევდი. მათ ცხოვრებაში შეგქონდა მატერიალური სიკეთე, თუმცა შენი საყვარელი ადამიანები უზენაესი მნიშვნელობის თავისუფლებასა და პროგრესის შესაძლებლობას შორდებოდნენ.
გაიაზრე, რომ მალე ოჯახის უფროსი გახდები, რაც რთულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება - ისეთებსაც კი, რომლებსაც შენი დები და მეგობრები არ იზიარებენ.
საჭიროა მათ მომავალში ინვესტიცია და არა მატერიალურის სიკეთის გაცემა.
გამოიყენე შენი წარმატება, სიმდიდრე და გავლენა, რათა მათ საკუთარი მიზნები გაიაზრონ და ოცნებები თავად აიხდინონ. ატარე ისინი კარგ სკოლაში, დაუნიშნე გასაუბრებები და ხელი შეუწყე, თავად გახდნენ ლიდერები. საქმეში მათ ისეთივე შრომისმოყვარეობა და მონდომება უნდა გამოიჩინონ, როგორც შენ - სწორედ ამან მიგიყვანა იქ, სადაც ახლა ხარ.
ამას გეუბნები იმიტომ, რომ ცხოვრებისადმი ამდაგვარი მიდგომა სასწრაფოდ უნდა შეცვალო. ისინი შენზე დამოკიდებულები გახდებიან და ამისგან გაცლა ძალიან რთული იქნება. ამ დამოკიდებულებით, მათგან მხოლოდ ბრაზს, არასამართლიანი მოპყრობისგან გამოწვეულ განაწყენებასა და ეჭვიანობას მიიღებ.
თუკი მათ თავისუფლებას შეუწყობ ხელს, დროთა განმავლობაში ნახავ, რომ მათ ექნებათ ამბიციები, საკუთარი ცხოვრების გზა და შედეგად, მათთან კარგი ურთიერთობა გექნება.
კიდევ ბევრ რამეს გეტყოდი, თუმცა ვიცი, რომ 17 წლის ასაკში, ბევრი რამის კითხვას არ მოისურვებ.
შემდეგ წერილში, მე ბიზნესთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემ. ამ მომენტში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრა, არის ის, რომ შენი მშობლები ყოველთვის უნდა იყვნენ მშობლები და არა შენი მენეჯერები.
შენი ცხოვრება ძალიან სწრაფად შეიცვლება, ბევრი სიახლე გელის. ამაზე მაშინ იფიქრე, როდესაც 9-საათიანი ვარჯიშის შემდეგ, ძილის წინ, საწოლში იწვები.
მენდე, დასაწყისიდანვე ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა ბევრ ცრემლსა და თავისტკივილს აგარიდებს. იმ პრობლემებსაც, რომლებიც მე დღემდე მომყვება.
დიდი სიყვარულით,
კობი.