კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, უკრაინა და დანია იქნებიან.
ჩვენი ჯგუფის 2 წევრი (საქართველო, ესპანეთი) ჯერ კიდევ მაისში იყო ცნობილი, 2-ის ვინაობა კი აგვისტოში, წინა-საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა გარკვეულიყო. შესაბამისად, საქართველოსთან A ჯგუფის პირველადგილოსანი უკრაინა და D ჯგუფის მეორეადგილოსანი დანია მოხვდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ნოემბერში დაიწყება და თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 ნაკრები გავა. ეს ნაკრებები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, 2027 წლის თებერვალში კი 12 მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 ნოემბერს, თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება, კატარი უმასპინძლებს.
წინა მუნდიალზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი A ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდება, ასპარეზობას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრება.
B ჯგუფი:
საბერძნეთი
მონტენეგრო
პორტუგალია
რუმინეთი
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმოს, საჭიროა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ტოპ სამეულში მოხვდეს.
ანალოგიური გზა გაიარა ეროვნულმა გუნდმა წინა შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში მე-2 ადგილი დაიკავა, მეორეში კი - მე-3.