Belive

ჯეიმსი საკუთარ დაბადების დღეზე დამარცხდა | ბოლო წამების დრამა მინესოტაში

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ლებრონ ჯეიმის 39-ე დაბადების დღეზე "ლეიკერსი" "მინესოტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 108:106 დამარცხდა. ავადმყოფობის გამო ჯეიმსის თამაში საეჭვო იყო, თუმცა ლებრონმა მაინც მოახერხა პარკეტზე გამოსვლა და ბოლო წამების დრამაც შექმნა...

მინესოტას ენტონი ედვარდსმა ულიდერა 31 ქულით, რუდი გობერს სოლიდური ორმაგი - 13 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა, ტიმბერვულვსს სკამიდან 21 ქულა ნაზ რიდმა მიაშველა და საბოლოოდ ბოლო 5 თამაშიდან მე-4 მოგება დაიტოვეს. სახლში ჩატარებულ 15 შეხვედრაში მინესოტას 14 გამარჯვება დაუგროვდა.

მატჩის დამთავრებამდე 3.3 წამით ადრე ლეიკერსი 107:104 აგებდა, ჯეიმსმა 3-ქულიანი გაუშვა (თავად ასე ეგონა) და ჩააგდო, თუმცა მსაჯებმა ეს მომენტი გადაამოწმეს და "მეფეს" 2-ქულიანად ჩაუთვალეს. მათი გადაწყვეტილებით, სროლის მომენტში, ჯეიმსის ფეხსაცმელი პერიმეტრის ხაზს ეხებოდა.

ანგარიში 107:106 გახდა და ბოლო შეტევა მინესოტას დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეხვედრის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ლებრონი თამაშის შემდეგ უკმაყოფილებას არ მალავდა

ეს აშკარად 3-იანია, თქვენ აშკარად ხედავთ სივრცეს ჩემს ფეხსაცმელსა და 3-ქულიანის ხაზს შორის. ამას სტივ უანდერიც დაინახავდა. რად გვინდა გამეორება ან სულაც ვიდეო გადამოწმება, როცა შეიძლება გამეორებაც ცდებოდეს. - თქვა გასახდელში ლებრონ ჯეიმსმა

ლეიკერსიდან საუკეთესო ენტონი დევისი იყო, ლოს ანჯელესელების ცენტრმა 33 ქულა, 17 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ჯეიმსს 26 ქულა ჰქონდა. NBA-ის ახალი ტურნირის მოგების შემდეგ, ლეიკერსმა 10 თამაშიდან 7 წააგო.

ამ მომენტისთვის, ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება, გუნდს 17 მოგება და 16 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები