ჰალიბარტონის რეკორდი | სუპერფინალამდე ინდიანასაც ერთი მოგება აშორებს
NBA-ს პლეი ოფების ფინალებში ზუსტად ერთნაირი ანგარიშებია. დასავლეთში ოკლაჰომა მინესოტას ამარცხებს, აღმოსავლეთში კი, ნიუ იორკ ნიქსთან ინდიანაა წინ - ორივე შემთხვევაში გუნდებს ერთი მოგება აშორებთ სუპერფინალამდე (3:1).
ინდიანაპოლისში ბოლოს ჩატარებულ შეხვედრაში, მასპინძლებმა 130:121 გაიმარჯვეს. დიდწილად ეს ინდიანას ლიდერის, ტაირის ჰალიბარტონის დამასახურებაა, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფების სტადიაზე 30+ ქულით სამმაგი დუბლი დააფიქსირა ისე, რომ ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს.
ჰალიბარტონმა 32 ქულა, 12 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა მოუტანა საკუთარ გუნდს. ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პასკალ სიაკამსაც, რომელმაც ნიუ იორკს 30 ქულა ჩაუგდო.
სტუმართა შემადგენლობიდან ჯეილენ ბრანსონისა და კარლ ენტონი თაუნსის გამორჩევა შეიძლება, შესაბამისად 31 და 24 ქულებით.
სერიის მეხუთე თამაში ნიუ იორკში გაიმართება, სუპერფინალში გასასვლელად ნიუ იორკს და მინესოტას ზედიზედ 3 თამაშის მოგება სჭირდებათ, რაც ურთულეს ამოცანად გამოიყურება.