Belive

გოგა ბითაძე : მწვრთნელი მენდობა და მეც გაცილებით თავდაჯერებული ვარ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გოგა ბითაძემ "ორლანდო მეჯიქის" სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-9-ედ დაიწყო. "ტორონტო რაპტორსთან" მოგებულ შეხვედრაში ბითაძეს 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 5 ბლოკი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. პარკეტზე 31 წუთი გაატარა და მისმა გუნდმა დამაჯერებლად (126:107) მოიგო. შეხვედრის შემდეგ გოგამ საინტერესო თემებზე ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არც მთავარ მწვრთნელს, ჯამალ მოსლის დაუშურებია.

გუნდში ჩემს პოზიციაზე მესამე არჩევანი ვიყავი, თუმცა მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყე და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებაა. საბედნიეროდ, მწვრთნელი მენდობა, ამ დროს მოთამაშე გაცილებით თავდაჯერებული ხდება და ჩემს შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ უნდა გახვიდე და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს. მითქვამს, რომ მთავარი მოთმინებაა, ზოგჯერ შესაძლოა ბურთს საერთოდ ვერ შეეხო, მაგრამ ეს ბუნებრივია, როცა ხუთეულში უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან. სინამდვილეში მთავარი გუნდურობაა, თუ თანაგუნდელი კარგად თამაშობს, შენც კარგად გამოიყურები, თუ გუნდი იგებს, ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ყველამ კარგად ითამაშა. - გოგა ბითაძე
მომწონს გოგას თავდაჯერებულობა და ის ხასიათი, რომელსაც პარკეტზე გასვლისას ავლენს. ის განსაკუთრებულად მოტივირებული და მხიარულია, რაც გუნდის განწყობაზეც მოქმედებს. ბითაძე შესანიშნავია დაცვაში, პიკ ენდ როლისას ჭკვიანურად მოქმედებს და დაცვაშიც სწრაფად ბრუნდება. გოგას საკმაოდ მაღალი IQ აქვს, თუმცა მაინც ბევრს მუშაობს და მუდამ კონტაქტი აქვს მწვრთნელებთან, ის მათ უსმენს და მოედანზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ასწავლიან. ყველაფერს, რასაც ხედავთ გუნდური მუშაობის შედეგია, გოგა და მთელი გუნდი მოწადინებულია, რომ თითოეულ მოთამაშეს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. - ჯამალ მოსლი

"ორლანდო მეჯიქი", ამ მომენტისთვის, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მათ 9 მოგება და 5 მარცხი აქვთ, გოგას შემდეგი მეტოქე "დენვერ ნაგეთსი" იქნება და პირდაპირი კონკურენცია წინა სეზონის საუკეთესო კალათბურთელთან, ნიკოლა იოკიჩთან მოუწევს.

სხვა სტატიები