Belive

გიორგი შერმადინი: "დარწმუნებული ვარ დარბაზი ჩვენი გულშემატკივრებით გაივსება"

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისათვის აშენებულ, ახალ არენაზე იასპარეზებს. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში, გამარჯვების მოპოვების იმედს, ის გარემოებაც იძლევა, რომ სერჯო სკარიოლომ საკმაოდ გადახალისებულ შემადგენლობას უხმო. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი შერმადინმა, მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების ფონზე, საქართველო მოწინააღმდეგის დამარცხებას შეძლებს.
გიორგი შერმადინი: "ესპანეთის ნაკრებს ბერი წამყვანი მოთამაშე აკლია, მაგრამ, სუსტები არც ისინი არიან, ვინც თბილისში ჩამოვიდნენ. 2 დღის წინ, გასულ ტურში, ჩრდილოეთ მაკედონია 40 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. ესპანეთს მართლაც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. თბილისში, სახლში ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ ეს დარბაზი, ჩვენი გულშემატკივრებით გადაივსება და დამატებით მოტივაციასა და ენერგიას მივიღებთ. იმედია მოგებით ყველა ერთად ვისიამოვნებთ".
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქვეჯგუფში ესპანეთისა და საქართველოს პირველი დაპირისპირება, ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები, ესპანეთში შესუსტებული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა და 89:61 დამარცხდა. G ჯგუფს 4-დან 4 მოგებით ესპანეთის ნაკრები უდგას სათავეში. საქართველოს 5 მატჩში 3 გამარჯვება აქვს – მესამე ადგილს კი 2 მოგებით უკრაინა იკავებს. უკანასკნელ პოზიციაზე ჩრდილოეთ მაკედონია იმყოფება, რომელიც ქვეჯგუფში კვლავ მოუგებლად ასპარეზობს.

სხვა სტატიები