Belive

"ჩემი ქვეყნისთვის თამაში ჩემთვის ყველაზე საამაყოა" - თორნიკე შენგელია

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ფინეთი 81:64 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა და კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს:

უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ. ფინეთი ძალიან ძლიერი მეტოქეა. მათ კარგი მსროლელები ჰყავთ და ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლებაც აქვთ, რაც გუნდს უპირატესობას აძლევს.

მწვრთნელმა შეძლო და 15 სხვადასხვა გუნდში მოთამაშე კალათბურთელი ერთ სისტემად ააწყო. მან მოახერხა ასეთ პატარა დროში შესანიშნავად მოვემზადებინეთ რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო.

ძალიან კარგი ადამიანია (ბოლდუინი). რთულია რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ახალ გუნდში ასე თამაში მოახერხო. გუნდში ასეთი კარგი ადაპტაციისთვის უდიდესი ჟინი, ძალისხმევა და მაღალი IQ არის საჭირო. ეს ძალიან დასაფასებელია, ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია.

ეროვნული ნაკრებისთვის მე გმირი არ ვარ. ჩემი ქვეყნისთვის თამაში ჩემთვის ყველაზე საამაყოა, ამაში უდიდეს ძალისხმევას ვდებ. ყველა ბავშვის ოცნება NBA-ში თამაშია, ჩემი - ნაკრებში თამაში იყო. მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. არასდროს არავის ვეტყვი, რომ დავიღალე. ახალგაზრდა კალათბურთელებს მინდა ვუთხრა, რომ ფიზიოლოგიურ მომზადებასთან ერთად დრო მენტალურ მომზადებასაც დაუთმონ. ეს შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს. - თორნიკე შენგელია - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი
საქმე ჯერ ბოლომდე არ გაგვიკეთებია. ნაკრების ეს შემადგენლობა იმსახურებს, რომ ისევ ითამაშონ ევროზე და მსოფლიოზე. ფინეთი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია, მიუხედავად ამისა ისინი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. დანიასთან მათი თამაშით მოხიბლული დავრჩი.

ჩვენთვის დღევანდელი დაპირისპირდება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. მინდა, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, ჩემი გაძლება მარტივი არ არის.

მინდა თოკოზეც ვისაუბრო, გამიბრაზდება, მაგრამ ეს არ მადარდებს. 3 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე 10 მატჩი ჩაატარა. აქ ვასრულებ ჩემს კომენტარს.

ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია ევროპაში და ამას ახლა მარტივად აგიხსნით. როდესაც თორნიკემ ქულა მოგვიტანა მოწინააღმდეგეს ამაზე ბევრი არ უფიქრია და მაშინვე კონტრშეტევაზე გადავიდა, ისინი ზედმეტს არ ფიქრობენ იმაზე თუ რა მოხდა წინა შეტევაში. ისინი ორი მაღალი მოთამაშით იხსნებიან და ღია პოზიციაში დგებიან, რის წინააღმდეგაც ჩვენთვის რთულია თამაში, მაგრამ იღბლიანი ვარ, რომ შერმადინის პოზიციაზე შემიძლია ვათამაშო თოკო და ბურჯა. ჩვენ შევძელით, რომ მათი სამქულიანები გვეკონტროლებინა და როდესაც მათ შენელებას ვახერხებდით, წარმატებასაც ვაღწევდით.

თამაშის მთავარ ეპიზოდებში უფრო ნაკლები შეცდომები უნდა დავუშვათ და უნდა ვიყოთ უფრო მეტად შეთამაშებულები და სტაბილურები. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მათგან ზოგჯერ ზედმეტად მეტსაც ვითხოვ, ამიტომ ამ ორი თამაშით არ დავკმაყოფილდებით. - ალეკსანდარ ჯიკიჩი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზეა.

სრულად ჯგუფი ასე გამოიყურება:

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფი

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრებს, 21 თებერვალს დანიის წინააღმდეგ, ხოლო 24 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები