FIBA: " ის ყოველთვის საქართველოს გვერდითაა - მან დიდი ისტორია შექმნა"
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო. ჩვენმა გუნდმა, რომელიც მერვედფინალში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩვენი მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება.
მატჩამდე 1 დღით ადრე, FIBA ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერისა და კაპიტნის - თორნიკე შენგელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ იგი ქართული კალათბურთის ნამდვილი ლეგენდა და ისტორიის შემქმნელია.
"ის იქ იყო, როდესაც 2009 წელს ნაკრები B დივიზიონში თამაშობდა, მაშინაც, როცა საქართველომ 2011-ში პირველი ევრობასკეტი ითამაშა. ის იქ იყო 2015 წელს, როდესაც გულები ჰქონდათ გატეხილი, და 2023 წელსაც, როდესაც საქართველო პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოკლედ, ის ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ყოველწლიურად უფრო დიდ ისტორიას წერს." - FIBA
აქვე ციტირებენ ალექსანდ ჯიკიჩის (მწვრთნელის) სიტყვებსაც, რომელმაც, საფრანგეთთან თამაშის შემდეგ თქვა, რომ შენგელია მასზე მნიშვნელოვანია.
"როგორც შენგელია ამბობს, საქართველო მიღწეული შედეგით ბედნიერია, მაგრამ არა კმაყოფილი. როგორ უნდა იყვნენ კმაყოფილები, როდესაც პოდიუმის სუნს გრძნობენ, რომელსაც მხოლოდ ორი მოგება აშორებთ" - ვკითხულობთ FIBA-ს ვებ-გვერდზე.
ევრობასკეტის 1/4-ფინალში გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა სერბეთისა და საფრანგეთის შეხვედრას ელოდა, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სერბეთი ფინეთმა გააგდო, მე-2 დღეს კი, საფრანგეთს საქართველოს ნაკრებმა მოუგო და ტურნირიდან გამოთიშა.
შესაბამისად, ნახევარფინალის საგზურისთვის ფინეთი და საქართველო იბრძოლებენ. მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.