FIBA - 10 გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა დავაკვირდეთ
27 ნოემბერს ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება, სადაც 32 ნაკრები 12 საგზურისთვის იბრძოლებს.
პირველი ტურის დაწყებამდე, ფიბამ დაასახელა 10 გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც კარგად უნდა დავაკვირდეთ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელზეც ფიბა წერს:
,,ვეტერან თორნიკე შენგელიას სანაკრებო კარიერა ახალი თავისთვის ემზადება - 34 წლის კალათბურთელს იმედი აქვს, რომ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. თორნიკე წინა მსოფლიო თასზე საშუალოდ 15,5 ქულას აგროვებდა - მათ შორის იყო 16 ქულა კაბო-ვერდესთან სადებიუტო გამარჯვებაში. ბოლო ევრობასკეტზე კი მისი საშუალო მაჩვენებელი 13 ქულაზე ოდნავ ნაკლები იყო.'' - ფიბა
ათეულში, თორნიკე შენგელიას გარდა, ეს კალათბურთელები მოხვდნენ:
მარიო ჰეზონია - ხორვატია
ტომაშ სატორანსკი- ჩეხეთი
ისააკ ბონგა - გერმანია
ანდრეას ობსტი - გერმანია
მატეუშ პონიტკა - პოლონეთი
ოლივიე ნკამუა - ფინეთი
ერკან ოსმანი - თურქეთი
მეტიუ სტრაზელი - საფრანგეთი
არნას ველიჩკა - ლიეტუვა
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, უკრაინა და დანია იქნებიან.
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 ნაკრები გავა. ეს ნაკრებები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, 2027 წლის თებერვალში კი 12 მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 ნოემბერს, თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება, კატარი უმასპინძლებს.
წინა მუნდიალზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი A ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდება, ასპარეზობას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრება.
B ჯგუფი:
საბერძნეთი
მონტენეგრო
პორტუგალია
რუმინეთი
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმოს, საჭიროა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ტოპ სამეულში მოხვდეს.
ანალოგიური გზა გაიარა ეროვნულმა გუნდმა წინა შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში მე-2 ადგილი დაიკავა, მეორეში კი - მე-3.