Belive

"ევროპის საუკეთესო კალათბურთელია" - ბერძნული მედია შენგელიაზე

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-15 ტურის უპრინციპულეს მატჩში, "ვირტუსი" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. ბერძნული მედიის ყურადღება აღნიშნულ მატჩზეა მიპყრობილი - ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ "ოლიმპიაკოსს" წარმატების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ თორნიკე შენგელიას განეიტრალებას შეძლებს.

"ვირტუსის" ქართველი ლეგიონერი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. არაერთი გავლენიანი გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ შენგელიას კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს და "ვირტუსის" ბრწყინვალე სტატისტიკაც დიდწილად მისი დამსახურებაა. ამ პათოსს ბერძნული In Sports-იც იზიარებს და შენგელიას ვრცელ სტატიას უძღვნის.

თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ თავის პოზიციაზე ის ევროპის საუკეთესო კალათბურთელია და "ოლიმპიაკოსის" წინაშე აუცილებლად შეეცდება გაიბრწყინოს.

წლების განმავლობაში შენგელია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პაუერ ფორვარდია, მაგრამ ის რასაც შენგელია ამ სეზონში "ვირტუსის" მაისურით აკეთებს შთამბეჭდავია. მაღალი ქართველი ლუკა ბანკის გუნდის მთავარი ძალაა. ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში, შენგელია ფენომენალურ სეზონს ატარებს. ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენგელია "ვირტუსს" ტოვებდა (აქტიურად აპელირებდნენ "პანათინაიკოსში" ტრანსფერზე), მაგრამ დარჩა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში, "ვირტუსი" და "ბარსელონა" მე-2 ადგილს იკავებენ. იტალიურმა საკალათბურთო კლუბმა 10 მატჩის მოგება შეძლო და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელიაა, რომელიც საშუალოდ 17.2 ქულას აგროვებს. არანაკლებ შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა იტალიაში (15.5). ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ შენგელიამ "ვირტუსის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში (27) მიიღო მონაწილეობა და ყველა მატჩში სადაც იასპარეზა 10-ქულიან ნიშნულს გადასცდა.

პარკეტზე ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ, თორნიკე შენგელიას მომდევნო მეტოქე "ოლიმპიაკოსი" იქნება. პრინციპული მატჩი ბოლონიაში გაიმართება და "ვირტუსი" ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ "ოლიმპიაკოსი" მის შეჩერებას შეძლებს, ბერძნებს შანსი ექნებათ. სათქმელად მარტივია, მაგრამ როგორ უნდა შეძლო კალათბურთელის განეიტრალება, რომელმაც "მაკაბის" წინააღმდეგ 27 ქულის დაგროვება შეძლო - "ბასკონიას" კი 14 ქულა ჩაუგდო?! - In Sports.

შეგახსენებთ, "ვირტუსისა" და "ოლიმპიაკოსის" დაპირისპირება 19 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები