ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დაპირისპირება შედგა. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 112:117 დასრულდა.
"გოლდენ სტეიტის" ლიდერად კვლავ სტეფ კარი მოგვევლინა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, თუმცა კარის კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
"Chase Center"-ში ენტონი დევისის ბენეფისი შედგა. "ლეიკერსის" ვარსკვლავმა პარკეტზე გატარებულ 43:50 წუთში 30 ქულის, 23 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ლეიკერსის" გამარჯვებაში ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა ლომის წილი დაიდეს. ლებრონმა ასევე შედეგიანი მატჩი ჩაატარა (22 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი).
სან ფრანცისკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლეიკერსი" სერიაში დაწინაურდა (1:0).
პლეი-ოფის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ნიუ იორკში დაიმართა, სადაც "ნიქსი" ჯიმი ბატლერის გარეშე მოასპარეზე "მაიამის" დაუპირისპირდა და 111:105 დაამარცხა.
"ნიქსს" ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ლიდერის გარეშე მოთამაშე "მაიამის" ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ქეილებ მარტინი გახდა (22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი).
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ნიქსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).