დენვერი პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა | მეფე გავარდა
NBA-ის პლეი ოფის მე-5 დაპირისპირებაში, "დენვერ ნაგეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 108:106 მოუგო და პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. უკანასკნელ შეხვედრამდე, დენვერს სერიაში ანგარიში 3:1 მიჰყავდა, ამიტომ ბოლო გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა და საერთო ჯამში, ფავორიტმა გუნდმა ლეიკერსისა და ჯეიმსის ბარიერი მარტივად დაძლია.
მატჩის ყველაზე მაღალქულიანი კალათბურთელი ჯამალ მარი გახდა, მან ლეიკერსს 32 ქულა ჩაუგდო და თითქმის ნახევარი 3-ქულიანებიდან. 10-ჯერ ისროლა პერიმეტრიდან და 5 ზუსტი აღმოჩნდა. სწორედ მისი გადამწყვეტი 2-ქულიანით მოიგო დენვერმა, როცა ანგარიში 106:106 იყო. კარგი თამაში ჰქონდა პორტერსაც 26 ქულით, ნიკოლა იოკიჩმა კი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. სერბ ცენტრს მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება დააკლდა სამმაგამდე - 25 ქულა, 20 მოხსნა და 9 ასისტი.
ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა, სერიის უკანასკნელ თამაშში, ორმაგი დუბლები შეასრულეს და საერთოდ, ჯეიმსი სამმაგთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეს დენვერთან გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "მეფემ", 39 წლის ასაკში, პარკეტზე 44 წუთი გაატარა და 30 ქულას, 9 მოხსნასა და 11 გადაცემას მოუყარა თავი. ენტონი დევისს კი 17 ქულა, 15 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა.
ნაგეტსი პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.