Belive

ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდებმა პრე-სეზონის მატჩები მოიგეს

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ში სეზონის წინა მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება. გვიან ღამით ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რაპტორსმა, საკუთარ არენაზე, ბოსტონ სელტიკსი მიიღო და მეტოქე 107:105 დაამარცხა. აღსანიშნნავია, რომ სანდრომ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე სულ 21 წუთი გაატარა.

მამუკელაშვილმა კანადურ გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ქართველის სროლის პროცენტი საკმაოდ დაბალი იყო - სანდრომ 2-დან 2 სროლა გამოიყენა საშუალოდან, თუმცა პერიმეტრიდან გაშვებული 5 ბურთიდან არცერთი ჩავარდა. საჯარიმო ხაზიდან მამუკელაშვილმა 3-დან 3 ტყორცნა გამოიყენა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს - მისი ორლანდო მეჯიქი სტუმრად ფილადელფიაში ჩავიდა და სიქსერსი 30-ქულიანი სხვაობით, 98:128 გაანადგურა.

ორლანდოს ძირითად ცენტრად ვენდელ კარტერი იწყებს და ამერიკელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა (20 ქულა და 13 მოხსნა), თუმცა თავისი წუთები გოგამაც მიიღო და კარგად გამოიყენა.

ბითაძემ 15 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 11 ქულის, 6 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გოგამ 6-დან ხუთჯერ ჩააგდო ორქულიანი, პერიმეტრიდან კი მხოლოდ ერთხელ სცადა და უშედეგოდ. საჯარიმო ხაზიდან ერთხელ ისროლა და ზუსტი აღმოჩნდა.

ტორონტო და ორლანდო მომდევნო შეხვედრებს ისევ ერთ დღეს, 4-საათიანი განსხვავებით ჩაატარებენ - მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად ვაშინგტონ უიზარდსთან ითამაშებს, ორლანდო კი შინ მაიამი ჰიტს მიიღებს.

სხვა სტატიები