,,არც კი დაგვიშვია, რომ ამ თამაშის წაგება შეიძლებოდა'' - ქართველები ფინეთთან მოგების შემდეგ
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ფინეთთან მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა, დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა შეაფასეს:
,,ასეთ რთულ თამაშს ველოდით, რადგან ჩვენი მეტოქე ძალიან ბევრ სამქულიანს ისვრის. პირველ ორ მეოთხედში ძალიან კარგი პროცენტით ესროდნენ. შემდეგ მოვახერხეთ გადაწყობა, რამაც შედეგი გამოიღო.
რა თქმა უნდა, რაც მთავარია, არ დავნებდით. რაღაც მომენტში 15 ქულით ვაგებდით, მაგრამ, არც კი დაგვიშვია, რომ ამ თამაშის წაგება შეიძლებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა ბიჭებს ამ გმირობისთვის! - დუდა სანაძე
,,რთული მატჩი მოვიგეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ ასეთი შეხვედრა გველოდა. ჩემი აზრით, ის დავალებები რაც თამაშის წინ სამწვრთნელო შტაბმა მოგვცა, შევასრულეთ. უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ გამარჯვებულები ვართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.
ამ მნიშვნელოვან მოგებას თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ქართველ გულშემატკივარს ვულოცავ! 24 ნოემბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ვთამაშობთ იმავე მეტოქესთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. იმედია დარბაზი ჩვენი ქომაგებით გადაივსება. შევხვდებით 24-ში!'' - გიორგი შერმადინი
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:83 დაამარცხა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი მომავალ მატჩს 24 ნოემბერს, თბილისში, კვლავ ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.