ამხანაგური პოლონეთთანაც წავაგეთ - ევრობასკეტამდე ერთი ტესტმატჩი გვრჩება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, სტუმრად პოლონეთთან და ამ შემთხვევაშიც დავმარცხდით - 94:89.
აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაშიც ვერ ეხმარებოდა. შენგელიას პირადი მიზეზით, ესპანეთში გამგზავრება მოუხდა.
ჩვენმა გუნდმა პოლონეთში პირველი და მეორე მეოთხედები მოიგო, დიდ შესვენებაზე კი ასე თუ ისე კომფორტული, 8-ქულიანი უპირატესობით გავედით. მესამე მეოთხედის სტარტი საშინელი გამოვიდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გოგა ბითაძე, რომელსაც მხოლოდ პირველ ტაიმში 3 დაფარება ჰქონდა, მალევე დაიტვირთა ფოლებით და ჯიკიჩმა ის დიდი ხნით დასვა.
დაცვაში თამაშის დროს რატი ანდრონიკაშვილს კოჭი გადაუტრიალდა და ის გუნდელების დახმარებით გავიდა პარკეტიდან. მისი ტრავმა, ერთი შეხედვით, სერიოზულად გამოიყურებოდა.
საბოლოოდ, პოლონეთმა 5 ქულით მოგვიგო და ეს ჩვენი მეოთხე მარცხია ამხანაგურებში - სულ 4 ვითამაშეთ (ისრაელი, ესტონეთი, ლიეტუვა და პოლონეთი).
კვიპროსში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრები ბოლო ტესტმატჩს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21 აგვისტოს ჩაატარებს.