Belive

AIR ALAMO | სპურსში მამუკელაშვილის მომავალი ბუნდოვანია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"სან ანტონიო" სპურსის რიგებში, სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, "სპურსი" კატასტროფულად ასპარეზობს და 3-16 ბალანსით, სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

კატასტროფული სტარტისა და გუნდში არსებული როტაციის ფონზე, პოპოვიჩი ქართველ ლეგიონერს სათამაშო დროს არ აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიტეტული გამოცემა მიიჩნევს, რომ "სპურსში" სანდრო მამუკელაშვილის მომავალი გაურკვეველია. Air Alamo იმ სამეულს ასახელებს, რომელსაც "სპურსის" დატოვება უახლოეს მომავალში მოუწევს. მამუსთან ერთად სამეულში ჯულიან შამპანი და ტრე ჯონსი მოხვდნენ.

მამუკელაშვილს "სან ანტონიოსთან" 1-წლიანი მინიმალური კონტრაქტი აკავშირებს და გასაკვირი არ იქნება, თუ ფრენჩაიზი დაემშვიდობება. გასულ სეზონში მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულის წევრი იყო, მაგრამ ვიქტორ ვემბანიამას მოსვლის შემდეგ, მამუს მდგომარეობა გაუარესდა. 24 წლის მამუკელაშვილი პარკეტზე მხოლოდ იმ დროს ჩნდება, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
"სპურსში" მასზე მყარი პოზიციები რამდენიმე მოთამაშეს გააჩნია, ამიტომ სანდროს მომავალი გაურკვეველია. ეჭვგარეშეა, რომ "სპურსი" ყველა პერსპექტიულ მოთამაშეს ვერ დაიტოვებს, ამიტომ მის სახელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების დროს გამოიყენებს. - Air Alamo.

სხვა სტატიები