10 საუკეთესო შედეგი ერთ მატჩში | რა შეცვალა ბემ ადებაიომ?
მაიამი ჰიტის კალათბურთელმა, ბემ ადებაიომ, საკალათბურთო ისტორია შეცვალა - მან ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ 83 ქულა ჩააგდო, რაც ერთ მატჩში მოპოვებული ქულების მეორე საუკეთესო შედეგია ისტორიაში. 20 წელია, პირველსა და მეორე ადგილს არავინ შეხებია, ახლა კი სია სხვანაირად დაიწყება და კობი ბრაიანტი მესამეზე გადაინაცვლებს.
გუნდელები ადებაიოს ვაშინგტონთან ჩაგდებულ 83 ქულას ულოცავენ (11.03.2026)
რადგან ისტორია შეიცვალა, საინტერესოა, რამდენ ქულიანი შეხვედრები ხვდება ტოპ 10-ში და ვინ მიაღწია ამ შედეგებს.
პირველი ადგილი: 100 ქულა - უილტ ჩემბერლენი
ეს 1962 წლის 2 მარტს მოხდა - ფილადელფიამ ნიუ იორკ ნიქსს 169:147 მოუგო, ფილადელფიელთა ცენტრმა კი 100 ქულა ჩააგდო და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რეკორდი მოხსნა. დღემდე, ეს უნიკალური რეკორდი ხელშეუხებელია და რჩება გუნდურ სპორტებში საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსის სიმბოლოდ.
ადებაიომ ისეთი ფოტო გადაიღო, როგორიც ჩემბერლენმა რეკორდული მატჩის შემდეგ
მეორე ადგილი: 83 ქულა - ბემ ადებაიო
მაიმი ჰიტისა და ვაშინგტონ უიზარდსის შეხვედრაში (150:129), ადებაიომ 83 ქულა ჩააგდო, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. ადებაიომ 2006 წელს, კობი ბრაიანტის მიერ, ტორონტო რეპტორსთან ჩაგდებულ 81 ქულას გადააჭარბა. ახლა პირველ ადგილზე უილტ ჩემბერლენის 100-ქულიანი მატჩი, ხოლო მეორეზე ადებაიოს 83 ქულა იქნება.
მესამე ადგილი: 81 ქულა - კობი ბრაიანტი
20 წლის განმავლობაში შეუცვლელი მეორე ადგილი, კობი ბრაიანტს, სწორედ ადებაიომ ჩამოართვა. თამაშში, რომელშიც ლეიკერსსმა ტორონტო დაამარცხა (122:104), ბრაიანტმა 42 წუთი ითამაშა, 46-დან 28 სროლა ჩააგდო, მათ შორის 13-დან 7 სამქულიანი და მხოლოდ მეორე ტაიმში 55 ქულა დააგროვა.
მეოთხე ადგილი: 78 ქულა - უილტ ჩემბერლენი
ლეგენდარულ ცენტრს ამ სიაში კიდევ შევხდებით. NBA-ს ისტორიაში 92-ჯერ მომხდარა, როცა 38 სხვადასხვა მოთამაშემ 60 ან მეტი ქულა დააგროვა ერთ თამაშში, მხოლოდ თერთმეტი მოთამაშეა 70-ქულიანთა კლუბში, რომელთაგან სამმა დააგროვა მინიმუმ 80 ქულა. 10-მა მოთამაშემ დააგროვა 60 ან მეტი ქულა ერთზე მეტ შემთხვევაში: უილტ ჩემბერლენს ეს 32-ჯერ აქვს გაკეთებული.
(5, 6, 7, 8) ადგილი: 73 ქულა - უილტ ჩემბერლენი (2-ჯერ), დევიდ ტომპსონი, ლუკა დონჩიჩი
ყველაზე ახალი ამ 3 კალათბურთელს შორის ლუკა დონჩიჩია - სლოვენიელმა კალათბურთელმა, მაშინ როცა დალას მავერიქსში თამაშობდა (2024 წლის 27 იანვარს), ატლანტა ჰოუკსს ჩაუგდო 73 ქულა. დონჩიჩმა იმ მატჩში 10 მოხსნა და შვიდი პასიც მიითვალა. მან 33-დან 25 სროლა გამოიყენა ღია თამაშიდან, მათ შორის რვა სამქულიანი. ლუკამ 16-დან 15 საჯარიმო ჩააგდო.
1978 წლის 9 აპრილის ღამეს, სტეპლტონის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა ნაგეტსის თვითმფრინავს ელოდა. ისინი იქ იყვნენ დევიდ ტომპსონის მისასალმებლად. დეტროიტთან მატჩში, ერთი მოთამაშის მიერ 73 ქულის მოპოვებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში. ხალხი აეროპორტში NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ინდივიდუალური პერფორმანსის ავტორის სანახავად მივიდა. - ვკითხულობთ დენვერ ნაგეტსის 'ღირშესანიშნაობების' ჩანაწერში
ეს იყო 1977-78 წლების სეზონის ბოლო თამაში და დაწყებამდე ერთი რამ უკვე გარკვეული იყო: ნაგეტსი პლეი ოფში გავიდოდა იმის მიუხედავად, წააგებდა თუ მოიგებდა. ამასობაში, ტომპსონი NBA-ის ბომბარდირობისთვის რბოლაში სან ანტონიოს ლეგენდასთან, ჯორჯ „ყინულის კაცთან“ გერვინთან ერთად იყო ჩართული. ამგვარად, იმ დღეს, ტოპსონი მზად იყო, რომ 'რაღაც განსაკუთრებული' უნდა გაეკეთებინა.
დევიდ ტომპსონი 73-ქულიან მატჩში/1978 წლის 9 აპრილი
მეცხრე ადგილი: 72 ქულა - უილტ ჩემბერლენი
აქ ისევე არაფერია სათქმელი, როგორც 73-ქულიანი მატჩის შემთხვევაში - 1962 წლის 3 ნოემბერს, სან-ფრანცისკო უორიორსმა, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 127:115 წააგო. წაგებული გუნდიდან, ჩემბერლენმა 72 ქულა ჩააგდო. NBA-ის ისტორიაში ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 70 ან მეტი ქულა ერთზე მეტჯერ დააგროვა. საერთო ჯამში, მან ეს მიღწევა ექვსჯერ გაიმეორა.
მეათე ადგილი: 71 ქულა - ელგინ ბეილორი, დევიდ რობინსონი, დონოვან მიტჩელი, დემიენ ლილარდი
დავიწყოთ ძველიდან ახლისკენ - 1960 წლის 15 ნოემბერს, ელგინ ბეილორის მიერ მოპოვებული 71 ქულა იმ დროისთვის რეკორდი იყო, ეს ასევე ლეიკერსის რეკორდიც გახლდათ იქამდე, სანამ კობი ბრაიანტი 81 ქულას მოაგროვებდა. 1962 წელს, NBA-ის ფინალების მე-5 თამაშში, ბეილორის ჩაგდებული 61 ქულა, დღემდე ფინალების რეკორდია.
1994 წლის 24 აპრილს, დევიდ რობინსონმა, რეგულარული სეზონის ბოლო თამაშში, ლოს ანჯელეს კლიპერსთან, კარიერაში საუკეთესო და სპურსის ისტორიაში ყველაზე მეტი - 71 ქულა დააგროვა... 'ადმირალმა' შაკილ ო’ნილს აჯობა და 1994 წელს, NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ბოლო 2 შემთხვევა ერთმანეთთან ახლოს მოხდა, ჯერ 2023 წლის 2 იანვარს, დონოვან მიტჩელმა ჩაუგდო 71 ქულა ჩიკაგო ბულსს (კლივლენდის შემადგენლობაში), ხოლო 26 თებერვალს, ამდენივე ქულა დემიენ ლილარდს ეკუთვნის (პორტლენდის შემადგენლობაში) - ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ.
მაიკლ ჯორდანი მხოლოდ მე-17 საუკეთესო შედეგის ავტორია - მისი ერთ მატჩში დაგროვებული მაქსიმუმი 69 ქულაა. ამავე ჩამონათვლაში, ლიდერებისგან საკმაოდ შორსაა ლებრონ ჯეიმსიც, რომლის კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი მხოლოდ 61 ქულას შეადგენს.
როგორც წესი, ასეთი სტატისტიკის თვლა 60 ქულიდან იწყება და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ უილტ ჩემბერლენი, ამ ცხრილში, 32-ჯერ წერია.