Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ხვიჩა ოცნებობდა პსჟ-ში თამაშზე"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც უკვე მესამე სეზონია საფრანგეთის ჩემპიონატებში გამოდის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. საქართველოს ნაკრების წევრთან ინტერვიუ L'Équipe-მა ჩაწერა.

ხვიჩას "პსჟ"-ში გადასვლა

ხშირად ვსაუბრობთ, ამიტომ ვიცოდი, რომ პარიზში მოდიოდა. ძალიან კარგია, რომ ახლა საფრანგეთში სამი ქართველია, რომლებიც უკვე ერთად თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში. ეს საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და სამივეს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

კვარაცხელიასთან სიახლოვე

10 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. ბევრ კლუბში ერთად ვითამაშეთ. პირველად იყო "დინამო თბილისის" აკადემია (2012-2017). შემდეგ დავშორდით, სანამ ყაზანში შევხვდებოდით (რუსეთში, 2019-2020), შემდეგ ბათუმის "დინამოში" (საქართველოში, 2022) და ახლა ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენი ოჯახებიც. ხვიჩა ჩემი შვილის ნათლიაა. ის ჩემთვის ძმასავითაა.

ხვიჩა, როგორც ფეხბურთელი

უპირველეს ყოვლისა, ის ნამდვილი პროფესიონალია. უყვარს თავისი საქმე. ის დიდ ენერგიას დებს ამაში და ეს ჩანს. ის არის ადამიანი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს, რომელიც ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებს მოედანზე. მას შეუძლია შექმნა და გოლების გატანა ორივე ფეხით. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეა, მარცხენა ფეხსაც კარგად იყენებს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია.

ლიგა 1 და კვარა

როდესაც შეთავაზება პსჟ-მ გაუკეთა, ის დათანხმდა, რადგან ამაზე ოცნებობდა. ლიგა 1-ში ადაპტაციის პრობლემა არ შეექმნება, მენტალურად ძალიან ძლიერია და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

კვარა ადამიანურ ურთიერთობებში

თბილი ადამიანია, ძალიან კარგი ხასიათით და მხიარული. როცა შვებულება გვაქვს, ყველა ერთად ვატარებთ, ცოლ-შვილთან ერთად. ჩვენ ბევრს ვთამაშობთ, განსაკუთრებით PlayStation-ზე ფეხბურთს - სულ ვუგებ, თუმცა სწავლობს და ზოგჯერ იმარჯვებს კიდეც.

ლიგა 1-ში დაპირისპირება

როცა 30 მარტს ჩვენი დაპირისპირება შედგება, ყველაფერს გავაკეთებ მის დასამარცხებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ძალიან ახლოს ვართ, მოედნისგან ამას განზე ვტოვებთ. ყველა თავისი გუნდისთვის თამაშობს. ეს გამოცდილება უკვე გვქონდა რუსეთში, მე ტულას "არსენალში", ის კი ყაზანის "რუბინში" თამაშობდა. - ზურიკო დავითაშვილი L'Équipe-თან ინტერვიუში

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სადებიუტო მატჩს დღეს ელოდებიან. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში პსჟ "რეიმსს" მასპინძლობს, ხვიჩა კი პარიზული გუნდის განაცხადშია.

სხვა სტატიები