Belive

,,ზოგისთვის ევრო 2024-ზე საქართველოს მონაწილეობა, შესაძლოა, გასაკვირი აღმოჩნდეს'' - უეფა საქართველოს წარმატებაზე

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლას უეფას ვებგვერდი გამოეხმაურა:

,,ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და დიდი საფეხბურთო ტურნირის საგზური პირველად მოიპოვა.

სტადიონზე ზეიმი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებსა და ათასობით გულშემატკივარს აერთიანებს, ამ მიღწევის მასშტაბებს ასახავს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა პენალტმა საქართველოს საბერძნეთთან მოაგებინა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

ზოგისთვის ევრო 2024-ზე მათი მონაწილეობა, შესაძლოა, გასაკვირი აღმოჩნდეს. თუმცა, მან, ვინც ქართულ ფეხბურთს უფრო ახლოს იცნობს, იცის, რომ საქართველოს მოხვედრა ევროპის ჩემპიონატზე დიდი ხანია მოსალოდნელი იყო.

საქართველომ ევრო 2024-ის საგზური ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში წარმატებული ასპარეზობით მიიღო. მომავალ სეზონში, B დივიზიონში თამაშით, მათ საშუალება ექნებათ, რომ თავი უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან გამოსცადონ.

ეროვნული ნაკრების წარმატებას წინ ასაკობრივ დონეზე მიღწეული წარმატებები უძღოდა. 2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 25 ათასი ადამიანი დაესწრო. 2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იყო, რომელშიც ტურნირზე დასწრების რეკორდი დაფიქსირდა.

საქართველოში ფეხბურთის პოპულარობის გაზრდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო და ამაში მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 2015-2021 წლებში ქვეყანაში რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37 600-მდე, ქალი ფეხბურთელების რაოდენობა კი 10-ჯერ გაიზარდა. ასეთი განვითარება ნაწილობრივ უეფას პროგრამის მხარდაჭერითაცაა განპირობებული.

უეფას ფონდმა წვლილი შეიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც, რაც სტადიონების რემონტს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი სასწავლო ცენტრის შექმნას მოიცავს.

კარგი დროა, შევჩერდეთ და გავიაზროთ, რა გზა გამოიარა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე მოსახვედრად... ამის შემდეგ, მათი მიღწევები თუნდაც ამ ზაფხულს და უფრო შორეულ მომავალშიც, გასაკვირი აღარ უნდა იყოს!'' - წერს უეფა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები