Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება სრულდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება სრულდება. 7 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია სოლომონ კვერკველიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

დღეს, 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები გაინბერგში ბოლო ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროსთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას. მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.

რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული. - ბუდუ ზივზივაძე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი

ავსტრიული შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაჯამა.

ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვნია.

ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება. 

ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე. - ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი

სხვა სტატიები