Belive

ზლატკო დალიჩი: "სირცხვილია, რომ დანი ოლმო ხორვატიის ნაკრებში არ თამაშობს"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღის და შესაძლოა ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე უნდა დაიწყოს. B ჯგუფი სიკვდილის ჯგუფადაა შერაცხული და პირველი დიდი ბრძოლა ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ტურნირის მომგებ ფავორიტებად არცერთი არ მიიჩნევა, თუმცა ესპანეთს, გერმანიასთან ერთად, ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ (3) აქვს მოგებული და ხორვატიაც, მიუხედავად ევროზე წარუმატებლობისა, ყოველთვის სურპრიზებთან ასოცირდება.

ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ესპანეთთან მოახლოებული თამაშის წინ, ვრცლად ისაუბრა მოწინააღმდეგესა და საკუთარ გუნდზე.

ჩვენ ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, ვფიქრობ, დაწყება მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტი მაროკოს ნაკრებთან გვქონდა. რა თქმა უნდა, გვინდა არ წავაგოთ, მაგრამ თამაშს ამ მიზნის გათვალისწინებით არ მივუდგებით. ჩვენ არავისი არ გვეშინია. რთული იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩვენი გუნდის.

ძალიან ვაფასებ ოლმოს ქებას ჩემ მიმართ. სირცხვილია, რომ დანი, რომელმაც ხუთი წელი ითამაშა ჩვენს ქვეყანაში, ხორვატიის ნაკრებში არ თამაშობს.

გვარდიოლი იამალის წინააღმდეგ? იოშკოს შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, მას ნებისმიერი ესპანელი შემტევის შეჩერება შეუძლია, თუმცა ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ.

ეს მათი თამაშია, ესპანეთის ბურთის ფლობა ხშირად 60-70%-იანია და ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება დასრულდეს გოლით. ახლა ტიკი-ტაკას არ თამაშობენ, ისინი გაცილებით ვერტიკალურად უტევენ, რადგან მათ ჰყავთ მორატა, ჰყავთ სწრაფი მოთამაშეები ფლანგებზე და სტილზეც აისახება. - განაცხადა ზლატკო დალიჩმა

ხორვატიისა და ესპანეთის გარდა, B ჯგუფში იტალიისა და ალბანეთის ნაკრებები არიან, მათი თამაში დღის ბოლო შეხვედრა იქნება. ჯგუფიდან გასვლისთვის, სავარაუდოდ, სწორედ ესპანეთი, ხორვატია და იტალია გამართავენ ბრძოლას, პლეი ოფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსნებიც გავლენ, ამიტომ 3 გრანდს შორის დაპირისპირებაში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ექნება.

სხვა სტატიები