ლუკა მოდრიჩი: "ფეხბურთი ზოგჯერ სასტიკია"
ევრო 2024-ის B ჯგუფში მოვლენები დრამატულად წარიმართა. ბოლო ტურის შეხვედრებში, სადაც ესპანეთი ალბანეთს ეთამაშებოდა, იტალია კი ხორვატიას, ჯერ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ჯგუფიდან უეჭველად ესპანეთი გადიოდა. ხორვატიას აუცილებელი მოგება სჭირდებოდა, იტალიისთვის კი ფრეც საკმარისი იყო მეორე ადგილის დასაკავებლად. მატჩის 55-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა იტალიას გაუტანა და ამ გოლით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე გახდა, საკუთარი ნაკრები კი პლეი ოფის საგზურთან დაახლოვა. მსაჯმა შეხვედრას 8 წუთი დაამატა და ხორვატიის სათადარიგო სკამი ფეხზე დამდგარი ელოდა უკანასკნელ სასტვენს, თუმცა დამატებულ მე-8 წუთზე, კალაფიორის შესანიშნავი თამაშისა და მატია ძაკანის უნაკლო შესრულების შემდეგ იტალიამ გაათანაბრა, მეორე ადგილზე გავიდა და ხორვატია ნაკლებ სავარაუდო თეორიების იმედზე დატოვა.
ამ ჩემპიონატზე 2 პენალტი გავაფუჭეთ, ჩვენი ფეხბურთელების ტრავმების დროს 2 გოლი მივიღეთ... აშკარაა, რომ ჩვენი ტურნირი არ არის. თეორიული შანსები პლეი ოფში გასვლაზე? ვერაფერს ვიტყვი, საკუთარ თავზე არ ვართ დამოკიდებული.
ხორვატია კარგი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც გოლი არ გავუშვით. ეს ვერ მოვახერხეთ ესპანეთთან და ალბანეთთან შეხვედრაში. შემიძლია მხოლოდ ფეხბურთელებს მივულოცო ღირსეული თამაში, თუმცა მთლიანობაში იმედგაცრუებულები ვართ. - განაცხადა ხორვატიის მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა
რა უნდა ვთქვა, ფეხბურთი ზოგჯერ სასტიკია. დღეს ჩვენ ეს ისევ დავინახეთ, მაგრამ რაც არის ეს არის. გაშვებულ გოლს არ ვიმსახურებდით. არც ერთი წამით გულშემატკივრებში ეჭვი არ შეგვპარვია, ბოდიშს ვუხდით მათ, რომ ამ თამაშით უფრო შორს ვერ წავედით - ეს კი ლუკა მოდრიჩის სიტყვებია
ჯგუფში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა, რომელმაც მაქსიმალური 9 ქულა აიღო და თანაც გოლი არ გაუშვია, მეორეზე იტალია 4 ქულით, მესამეზე 2 ქულით ხორვატია, ხოლო ალბანეთი ჯგუფის უკანასკნელ პოზიციაზეა 1 ქულით. ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იტალია პლეი ოფში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.