Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთს სამი წლით ჩამოაშორონ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან 3 წლით მოკვეთონ. ამის მიზეზი შვედი თავდამსხმელის მიერ მალტაზე არსებულ ბუკმეიკერულ კომპანიასთან პარტნიორობაა. მაშინ, როცა 39 წლის ასაკში ზლატანი საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაბრუნდა და "მილანშიც" შეუცვლელად, თანაც საკმაოდ ეფექტურად თამაშობს, იბრას შესაძლოა, ფაქტობრივად კარიერის დასრულება მოუწიოს. შვედური გამოცემა Aftonblade წერს, რომ იბრაჰიმოვიჩის კომპანია (დასახელება ება უცნობია) სათამაშო ბიზნესში ჩართული და ამ ტიპის ვებ-გვერდის Bethard-ის 10%-იანი წილების მფლობელია. FIFA–ს და UEFA–ს რეგულაციები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც პროფესიონალურ კარიერას აგრძელებენ, არ აძლევს საშუალებას ფინანსური ინტერესი ჰქონდეთ სათამაშო სფეროს წარმომადგენელ კომპანიებში. როგორც შვედური პრესა იუწყება, ზლატანმა მკაცრად დაარღვია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წესები, რის შესახებაც შვედეთის ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ეს გახდა 2018 წლის მუნდიალზე მისი ნაკრებში არ გამოძახების მიზეზი. იბრამ საერთაშორისო არენიდან წასვლის შესახებ მსოფლიოს 2016 წელს შეატყობინა, თუმცა 2 წლის შემდეგ მან რუსეთში ჩატარებული ტურნირის მოახლოების წინ, მუნდიალზე თამაშის სურვილი არ დამალა. როგორც Daily Mail-ი იტყობინება, იბრაჰიმოვიჩის კომპანია Bethard-ის წილების მფლობელთა შორის სიდიდით მეოთხეა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Zlatan Ibrahimović (@iamzlatanibrahimovic)

"როსონერის" ფორვარდის საქმიანობა ფიფასა და უეფასთვის უცნობი არ არის და ისინი მისთვის მკაცრი სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რაც ფინანსურ ჯარიმას და ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთას გულისხმობს. საინტერესოა ისიც, რომ ზლატანი 2018 წელს აღნიშნული კომპანიის ელჩად და თანაპარტნიორად გამოცხადდა, რა დროსაც მან ასეთი რამ თქვა: "მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მქონდა შემოთავაზებები სათამაშო ბიზნესიდან, მაგრამ აქამდე ისეთი არაფერი მიმიღია, რაც დამაინტერესებდა. რაც შეეხება Bethard-ს, აქ საქმე განსხვავებულადაა, რადგან ეს შვედური ფესვების მქონე კომპანიაა, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქიდანაა და მათ ნამდვილად შესწევთ უნარი, რომ  საქმე სხვაგვარად გააკეთონ". Sportsmail– ის თანახმად, ეს ამბავი პირველად 2018 წლის მარტში გახმაურდა, როცა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ჰაკან შტრანდმა თქვა: "FIFA– ს რეგლამენტისა და ეთიკის კოდექსის თანახმად, არცერთ მოთამაშეს არ შეუძლია პირდაპირ ან ირიბად ფლობდეს წილს ფსონების კომპანიებში. მე მხოლოდ ფაქტებს ვიცავ და ეს ეხება ყველა ქვეყანას და ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში ზლატანს საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები