Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "დღეს რომ მეთამაშა, მსაჯს ჩემი გაძევება 4-ჯერ მოუწევდა"

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.

ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.

პარაგვაელთა უხეშობასა და ძალიან ცუდ მსაჯობას, ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი და ახლა უკვე საფეხბურთო ექსპერტი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა.

„დღეს საფრანგეთმა საოცარი თავშეკავება აჩვენა. მათ პროვოკაციებისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ეს შეძლეს კიდეც. მე რომ ეს მატჩი მეთამაშა, ალბათ, ოთხ წითელ ბარათს მომცემდნენ და ვიღაცას საავადმყოფოში გავამგზავრებდი...

ეს არ მომწონს, თუმცა პროვოკაციები თამაშის ნაწილია. საფრანგეთი ამას არ წამოეგო. ყველაზე კარგი, რაც პროვოკაციის დროს შეგიძლია გააკეთო, გაღიმება და მათ თამაშში არჩართვაა. ფრანგებმა ზუსტად ეს გააკეთეს, ამიტომაც მოიგეს..." - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ფრანგები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ პარაგვაელების არასპორტულ საქციელებს არ აჰყოლოდნენ.

საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.

1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება - მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები