Belive

ზინჩენკო: როდესაც ჩემი შვილები გაიზრდებიან, მკითხავენ, "რას აკეთებდი ომის დროს"?

9 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ატირებული ოლეკსანდრ ზინჩენკო კამერების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა.  ემპათიით სავსე ადამიანებისგან დაცლილ და  დაჰაჰავებული პოსტებით სავსე "საოცარ ახალ სამყაროში", "არსენალის" მცველს ვერ გაუგეს - სოციალურ ქსელებში მრავლად შეხვდებით პოსტებსა თუ კომენტარებს, სადაც ზინჩენკოს მასხრად იგდებენ და მის ემოციებს დასცინიან. რეალურად, უკრაინელ ფეხბურთელს საკუთარი პოპულარობის გამოყენება მხოლოდ ერთი მიზნით სურს -  სიმართლე უკრაინის ომის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს.

როდესაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, სამშობლოში დაბრუნდა, იცოდა, რაც ელოდებოდა. დაღამდა, თავზე ბალიში დაიდო, თვალები დახუჭა და იმ განგაშის სირენას დაელოდა, რომელსაც ციდან მომავალი ბომბებისა და რაკეტების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა.

მომდევნო დილით შეიტყო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ეს კიევში პირველი მშვიდობიანი ღამე იყო. თუმცა მეორე ღამეს უხმაუროდ არ ჩაუვლია.

სირენა დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩაირთო. ჩემმა მეუღლემ გაიღვიძა და მითხრა, რომ პარკინგზე უნდა ჩავსულიყავით. ფანჯარასთან მივიდა და მითხრა, რომ ჩვენმა საჰაერო დაცვის სისტემამ რაკეტა გაანადგურა. იყო ხმაური, შიში... ვერაფერს შევადარებ".

26 წლის ფეხბურთელმა უკრაინაში 1 კვირა გაატარა - ქვეყანაში, სადაც ომის ტრაგიზმი ყოველ კუთხეში ჩანს. ლონდონში დაბრუნებულ ზინჩენკოს სახეზე ნათლად არის ასახული, თუ რა გავლენა იქონია მასზე ნანახმა.

ბრიტანეთში არამარტო ტრავმის შემდეგი რეაბილიტაციისთვის, არამედ Game4Ukraine-ზე სასაუბროდაც დაბრუნდა (ეს არის საქველმოქმედო მატჩი, რომელიც 5 აგვისტოს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების საუკეთესო გოლეადორმა, შოთა არველაძემაც მიიღო). შემოსული თანხა განათლებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას მოხმარდება - მათ შორის, გათვალისწინებულია ჩერნიჰივის ოლქში (რუსების მიერ 33 დღის განმავლობაში ოკუპირებული ოლქი) მდებარე, პრაქტიკულად, განადგურებული სკოლის რეაბილიტაცია.

ლონდონში ზინჩენკო ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. საცობებისგან გამოწვეული დაგვიანებისთვის მოიბოდიშა და საუბრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაიხადა.

ანდრეი შევჩენკოსთან ერთად, ზინჩენკო ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მოსაყოლი ბევრი აქვს. 9 წუთის განმავლობაში, უწყვეტად საუბრობდა და ეს დრო იმ სევდისა და ბრაზის გამოსახატად გამოიყენა, რომელიც მასში 2022 წლის თებერვლის შემდეგ გროვდებოდა.

“ჩერნიჰივის ოლქში მდებარე სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრე. ამას ფილმში ვერ ნახავ. ვუსმენდი და ვიაზრებდი, რომ ეს ნამდვილი ისტორიებია, რომლებსაც ბავშვები ყვებიან. ბავშვები არ ტყუიან - ისინი სიმართლეს ლაპარაკობენ.

ომი წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. ამ ამბებს თვალყურს ტელეფონით, ლეპტოპით, სატელეფონო ზარებით ვადევნებდი და შოკში ვიყავი. თუმცა ჩვენ ადამიანები ვართ და ყველაფერს ვეჩვევით - საბედნიეროდ თუ საუბედუროდ.

ისტორია სხვაგვარი ხდება, როდესაც განადგურებულ შენობებს საკუთარი თვალით ხედავ. ტელეფონში ყველაფერი სხვაგვარია. ვერ გეტყვით, რომ არ შემშინებია, თუმცა ამავე დროს, ფიქრობ, უნდა გეშინოდეს, თუ მომხდარი ფაქტად უნდა მიიღო და მის სანაცვლოდ, შენი ხალხის დახმარებას შეეცადო".

ინგლისში დაბრუნებამდე 3 დღით ადრე, სამხრეთ უკრაინაში კაშხალი "ნოვა კახოვკა" განადგურდა. გაეროს ინფორმაციით, არაერთი დასახლების დატბორვამ 9,177 ადამიანი იმსხვერპლა, 15.933-მა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო.

"მოვისმინე ისტორია ქალზე, რომელიც სახლის სახურავზე იყო ასული და ხელში რამდენიმე თვის წინ შეძენილი ორი შვილი ეკავა. ყველაფერი სცადა გადარჩენისთვის, მაგრამ ვერ მოახერხა. უსმენ და ფიქრობ: რისთვის, რისთვის აკეთებენ ამას"?

მართლა მაინტერესებს, რას უნდა მიაღწიონ? რა უნდა მოიგონ? შეიძლება ისტორია კარგად არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც მესმის, ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. და ბოლოს, ვიფიქრებთ: რამდენი დაიღუპა? რამდენმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი ადამიანი? რამდენმა ადამიანმა დაკარგა სახლი, სამუშაო ადგილი და ა.შ.?

ზინჩენკო იმდენად ემოციურად საუბრობს, რომ რთულია იმისი გააზრება, თუ რამდენ ძალისხმევად დაუჯდა უკრაინის ნაკრების, "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" მაისურით ასპარეზობა მაშინ, როდესაც მისი გონება უკრაინის ამბებით იყო მოცული.

თავიდან ძალიან რთული იყო. ყველანი შოკში ვიყავით - ვგულისხმობ უკრაინელებს. ნაკრებში, ჩემს თანაგუნდელებს ვესაუბრე - მათი უმრავლესობა უცხოეთში თამაშობს. ამბობდნენ, რომ  მოედანზე სავარჯიშოდ გასვლა არ შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ, ეს ჩვენი მოვალეობაა...

ორი არჩევანი გაქვს: დანებება, ან მაქსიმუმის გაღება დასახმარებლად. ჩემი მხრიდან, უკრაინის წარდგენა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო.

 

ჩერნიჰივში ყოფნისას, ანდრეი შევჩენკოსთან და ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, ფეხბურთი ითამაშა. მისი სიტყვებით, ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც ბავშვები იღიმობდნენ და იცინოდნენ. 

როდესაც მოედანზე ვარ, ყველაფერი მავიწყდება. ამიტომაც მგონია, რომ ფეხბურთი ყველაზე მძლავრი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ და სიამოვნება მივიღოთ".

 

ზინჩენკო თავის ცოლთან, ვლადასთან და 2 წლის გოგოსთან, ევასთან ერთად ცხოვრობს. მალე ორი შვილის მამა გახდება.

"მამობა ყველაზე რთული პროფესიაა. როდესაც გაიზრდებიან, მკითხავენ, "რას აკეთებდი ომის დროს? როგორ დაეხმარე ადამიანებს?" მინდა თვალებში შევხედო და ვუთხრა, რომ მისი მშობლები მაქსიმუმს აკეთებდნენ.

მე და ანდრეი შევჩენკო Game4Ukraine-ს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენი მიზანია, რომ ხელახლა ავაშენოთ სკოლა. ასევე გვსურს, რომ მსოფლიოს გავუგზავნოთ მესიჯი - ჩვენ კვლავ ერთად ვართ.

ვიცი, რომ ამ ომმა ბევრი ადამიანი გადაღალა. თუმცა ერთადერთი პასუხია ის, რომ ეს ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება დაემართოს. თუკი ამას ახლა არ დავასრულებთ, თუკი მათ არ შევაჩერებთ, რიგში თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს".

სხვა სტატიები