Belive

ზიდანის ცხოვრება დღეს: ნოსტალგია და ფიქრები ფეხბურთზე

9 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

უკვე 2 წელია, ფეხბურთით ყოველდღიურად დაკავებული აღარაა. მისი ბოლო სამწვრთნელო საქმიანობა "რეალის" მეორე ვადით ჩაბარებას უკავშირდება. ფეხბურთში დაბრუნება სურს, ენატრება ადრენალინი და ის გამოწვევები, რომელიც საფეხბურთო ცხოვრებას მოაქვს. თუმცა, ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა იქნება მომავალში.

საფეხბურთო მოედანი და გადამწყვეტი მომენტები ენატრება: ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარლოსის მიერ ჩაწოდებული ბურთი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კუთხურის მოლოდინი და სხვ. ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში, ჰქონდა კი დრო მოსაფიქრებლად, თუ რა გაეკეთებინა ან წინასწარ განესაზღვრა მოქმედება?

"ინსტინქტურად ვმოქმედებდი, განსაკუთრებულ რიტუალებს არ ვასრულებდი. წნეხს არ ვგრძნობდი. ვიყავი ბედნიერი იმით, რომ 50,000-80,000 ადამიანის თვალწინ ვთამაშობდი. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. წარმოიდგინეთ, 80,000 ადამიანის წინაშე ფეხბურთის თამაში, ეს დაუჯერებელი შეგრძნება იყო.

აგიხსნით, რას ვგულისხმობ: სეზონის ბოლოს, ნაკრებში უნდა მეთამაშა. იყო გრძელი, მომქანცველი სეზონი, ყოველ 3 დღეში თამაში, ჩემპიონთა ლიგა… ძალიან რთული იყო ნაკრებზე გადართვა. ასეთ დროს, ის, რაც მოედანთან კვლავ გაკავშირებს, სწორედ ეს ადამიანებია - როდესაც ამდენ გულშემატკივარს ხედავ, ენერგიით ხელახლა იმუხტები. სწორედ ეს არის სპორტის მშვენება, ის ვნება, რაც ფეხბურთს თან ახლავს".

მისი მენტალური კავშირი ფეხბურთთან ცალკე სასაუბრო თემაა. დაუვიწყარია ეპიზოდი ევრო 2000-დან. დღე, როდესაც საფრანგეთის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ევროპის პირველობისკენ მიიწევდა და ნახევარფინალში პორტუგალიას ეთამაშებოდა. მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს, სილვენ ვილტორის დარტყმული ბურთი აბელ შავიერმა ხელის მტევნით მოიგერია, მსაჯმა კი 11-მეტრიანი დანიშნა. პორტუგალიელი ფეხბურთელების რისხვა და სტადიონის ხმაური რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ზიდანი ბურთთან ტიბეტელი ბერის სიმშვიდით, განმარტოებული იდგა და სიმარტოვის ზონაში მყოფი, აუღელვებლად იცდიდა. ის იყო სიმშვიდის სიმბოლო, მიუხედავად იმისა, რომ შტორმის ცენტრში იმყოფებოდა.

"თამაშის წესების დარღვევიდან პენალტის შესრულებამდე 4-5 წუთი გავიდა. დრო ძალიან გაიწელა. ამ დროის განმავლობაში, ჩემს თავთან ვიმყოფებოდი. არსებობს რაღაცები, რასაც ბოლომდე ვერ ახსნი. ბოლომდე კონცენტრირებული ვიყავი.

პენალტის შესრულებამდე, ხანდახან, შენი თანაგუნდელი მოდის და გეუბნება, რომ "ეს მეკარე ყოველთვის მარჯვენა კუთხეში ხტება". ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ერთ-ერთი მოთამაშე მოვიდა და რაღაც მითხრა. თითქოსდა, არც ლაპარაკობდა. არ ვუსმენდი, რადგან პენალტს მე ვასრულებდი და არა სხვა. ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო. ეს მე ვარ, ვინც იცის, თუ რა უნდა გააკეთოს", - იხსენებს ზიდანი.

ზიდანის მასტერკლასი პორტუგალიასთან 👇

გასართობად, ფეხბურთს დღემდე თამაშობს. "ცხადია, უფრო და უფრო იშვიათად. საუკეთესო ფორმაში აღარ ვარ"! ფეხბურთს მოწყურებული, მატჩებს ხშირად უყურებს.

"ბევრი ფეხბურთელი მომწონს. თუმცა, ის, რაც ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, მოთამაშეების ფიზიკური მომზადებაა. ჩემს დროს, თუკი რაიმე ფიზიკური პრობლემა გქონდა, მის კომპენსირებას ტექნიკური შესაძლებლობებით შეძლებდი. დღეს ეს აღარ გამოდის. საჭიროა, რომ ფიზიკურად მზად იყო. უნდა იყო ძლიერიც და ტექნიკურიც", - ამბობს იგი.

ზიდანი არის ფეხბურთელი, რომლის ტექნიკა და შემოქმედითობა საუკეთესო ტანდემს ქმნიდა. ის იყო გუნდური მოთამაშე, რომელსაც თავისუფლად მოქმედების უფლებაც ჰქონდა. საფეხბურთო შემოქმედების წვრთნა შესაძლებელია?

"არა. ჩემთვის, წარმოსახვა აუცილებლად ინსტინქტური უნდა იყოს. ხშირად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა დაარტყან, როგორი პასი უნდა გააკეთონ - მწვრთნელები მათ აფორმატებენ.

8-10 წლის ბავშვებმა ფეხბურთი გასართობად უნდა ითამაშონ. რიგ შემთხვევებში, მათ ტექნიკური მხარე უნდა ვაჩვენოთ, რათა სწორი მიმართულებით განვითარდნენ, თუმცა ამის მიღმა, ბავშვების წარმოსახვა დამოუკიდებლად, ინსტინქტურად უნდა განვითარდეს".

სხვა სტატიები