ჟოზე მოურინიო: "თუ პორტუგალია არგენტინას შეხვდება, მოქმედ ჩემპიონებს არანაირი შანსი არ ექნებათ"
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ცეცხლზე ნავთის დასხმა კი ყველაზე უკეთ ლეგენდარულ ჟოზე მოურინიოს ეხერხება. ჟოზემ მუნდიალის შესაძლო ცენტრალურ დაპირისპირებაზე (პორტუგალია Vs. არგენტინა) ისაუბრა და საკმაოდ თამამი, პროვოკაციული პროგნოზი გააკეთა.
"თუ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს შეხვდებიან, არგენტინას პორტუგალიის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ ექნება.
არ ვიცი, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა - პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, როგორც შემადგენლობით, ასევე გუნდურობით..." - ჟოზე მოურინიო
ცნობილია, რომ სატურნირო ბადის მიხედვით, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, არგენტინისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაეყრებიან. მოურინიომ, რომელიც თავად პორტუგალიელია და ბუნებრივია, თანამემამულეების ბანაკს გულშემატკივრობს, არგენტინელთა ამბიციებს ცივი წყალი გადაასხა.
ჟოზეს ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, მყისიერად გახდა განხილვის მთავარი თემა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არგენტინელები მოტივირებულები არიან, ლეო მესის ბოლო მუნდიალზე ტიტული დააცვევინონ, პორტუგალია კი კრიშტიანუ რონალდუს წინამძღოლობით საკუთარ ისტორიულ შანსს ელოდება. თუკი ეს სუპერმატჩი 1/4-ფინალში მართლაც შედგა, მოურინიოს პროგნოზს ფეხბურთის ქომაგები აუცილებლად გაიხსენებენ.