Belive

ვლაჰოვიჩი ნაპოლისთან მატჩზე: "ასე ის ვერ გავხდები, ვინც მინდა რომ გავხდე"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიში" ფრანჩესკო კალცონას მოსვლის შემდეგ აშკარაა, რომ გუნდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ფორმას უბრუნდებიან და კლუბის ფეხბურთიც დაახლოებით მაინც ჰგავს იმას, რასაც ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის დროს თამაშობდა. "სასუოლოსთან" გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ, სადაც ხვიჩამ დუბლი შეასრულა, თითქოს მოკრძალებული ავანსები გაიცა, რადგან სასუოლო ძალიან სუსტი მეტოქე იყო, თუმცა "იუვენტუსთან" დიეგო არმანდო მარადონაზე ჩატარებულმა შეხვედრამ ის ხაზი გააგრძელა, რომ ნაპოლი ფეხბურთის თამაშს უბრუნდება. გუშინდელი მარცხის შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩმა მოიბოდიშა, რადგან თავადვე აღიარა, რომ 3-4 მომენტი ჰქონდა და გოლის გატანა მართებდა.

გულწრფელად ვნანობ ყველა გაფუჭებულ მომენტს. თუ მსურს გავხდე ის, რაც მინდა, მაშინ ასეთი მომენტების გამოყენება მომიწევს. სხვაგვარად შემდეგ დონეზე ვერ გადავალ.

მე მქონდა მატჩის მოგების შესაძლებლობა, მთელი კვირა ვემზადებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, თუმცა ვერ მოვახერხე. ჩემს გოლებზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ "იუვემ" წააგო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რადგან დავინახე მათი სახეები გასახდელში და მივხვდი, რომ ჩვენ ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთვის - განაცხადა დუშან ვლაჰოვიჩმა

ნაპოლიმ იუვენტუსს კვარაცხელიასა და რასპადორის გოლებით მოუგო (2:1). ნაპოლი ახალი მწვრთნელის შემდეგ თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, მოქმედი ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვის იბრძვიან. რაც შეეხება იუვენტუსს, გუნდი 12 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ინტერს" და თანაც მილანელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამ პერსპექტივიდან, იუვეს საჩემპიონო შანსებზე საუბარი აზრს მოკლებულია. შემდეგ ტურში ტურინელები "ატალანტას" ხვდებიან, ვლაჰოვიჩი გუნდს დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება.

სხვა სტატიები