ლონდონის "ჩელსიმ" თავისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლუის ბეკერი საბოლოოდ გუნდიდან გაუშვა.
ეს სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
26 წლის ფეხბურთელი 10 წლის ასაკიდან "ლურჯების" აკადემიაში ირიცხებოდა და კლუბში 16 წელიწადი ისე გაატარა, რომ მთავარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი არაერთხელ, არაერთ კლუბში იყო განათხოვრებული.
ლონდონელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია აქვთ და 2009-2018 წლებში, ცხრა წლის განმავლობაში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ახალგაზრდული თასი შვიდჯერ მოიგეს. წინა წლებში კლუბის ერთ-ერთ, საკმაოდ დიდ პრობლემას მათი აღზრდილი ფეხბურთელების აკადემიიდან პირველ გუნდში გადაყვანა წარმოადგენდა, თუმცა მეისონმაუნტმა და რის ჯეიმსმა ეს უარყოფითი ტრადიცია შეცვალეს, რაშიც საკმაოდ დიდი როლი ფრენკ ლამპარდს მიუძღვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთამაშეები ახლა ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით წარმატებულად თამაშობენ, ბეკერი გამონაკლისი აღმოჩნდა და მან გუნდში ფეხი სრულფასოვნად ვერ მოიკიდა, საბოლოოდ კი, არაერთი საიჯარო ხელშეკრულების შემდეგ, იგი კლუბს დატოვებს და კარიერას უდიდესი ალბათობით, "სტოკ სიტიში" გააგრძელებს.
წლების განმავლობაში, ბეკერმა ინგლისის ლიგა ერთში, ჩემპიონშიფში, ერედივიზიონში, ბუნდესლიგასა და თურქეთის სუპერლიგაში ითამაშა. ჯამში 8 საიჯარო ხელშეკრულების შედეგად, მან ისეთი გუნდების მაისური მოირგო, როგორებიც "შეფილდვედნსდეი", "მილტონ კენის დონსი", არნემის "ვიტესი", "მიდლსბრო", "ლიდს იუნაიტედი", "რედინგი", დიუსელდორფის "ფორტუნა" და "ტრაბზონსპორი" არიან.
"ჩელსიში" ლუის ბეკერის დებიუტი "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ ინგლისის ასოციაციის თასზე 2014 წელს შედგა და გუნდში მომდევნო გამოჩენამდე ლოდინი თითქმის 8 წლის განმავლობაში მოუწია. ეს კი უკვე რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 8 იანვარს, კვლავაც მსოფლიოს ყველაზე ძველ საფეხბურთო ტურინირზე, "ჩესტერფილდის" წინააღმდეგ - 5:1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა, სადაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა და ჯამში 32 წუთი გაატარა. უდიდესი ალბათობით, ეს ცენტრალური ნახევარმცველისთვის "ჩელსის" რიგებში ამ ეტაპზე, ბოლო მატჩი იყო.