Belive

"ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი" - ვილი სანიოლი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

კვარაცხელიას თამაშზე:

არ მიყვარს ფეხბურთელებზე საუბარი და არც ხვიჩაზე ვისაუბრებ. თამაშს გავაანალიზებთ და მერე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ოთარ კიტეიშვილზე და სოლომონ კვერკველიაზე:

კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, იმედი გვაქვს, რომ შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. კვირკველია შეკრებაზე ვირუსით ჩამოვიდა. ამიტომ შევცვალეთ, მივხვდი, რომ დაღლილი იყო. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საბა ლობჟანიძის ბოლო წამზე გაფუჭებულ მომენტზე:

ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა სირთულეები გამოვიარეთ და სად მოვხვდით. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ჩეხეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე:

ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკურტი მატჩი ჩაატარა.

ჩეხები იმედგაცრუებულები კი არიან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. ამის მაგალითად თურქეთთან ჩვენი მატჩი გამოდგება, სადაც ქულას მაინც ვიმსახურებდით.

ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

პორტუგალიასთან, მომავალ შეხვედრაზე:

პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩვენს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.

სხვა სტატიები