ვილი სანიოლი: "მაროკოსთან მატჩი შედეგზე მეტად ახალი ფეხბურთელების ინტეგრირებით არის მნიშვნელოვანი"
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე, ეროვნულმა გუნდმა შეკრება თბილისში დაიწყო, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.
"რაც შეეხება 2022 წელს და საქართველოს ნაკრების უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას, მე ძალიან ბედნიერი ვარ და ყველანი ძალიან მოხარულები ვართ პირველი ადგილის დაკავებით. უშუალოდ ბოლო მატჩზე რომ ვისაუბროთ, გიბრალტართან გამართული მატჩი ჩვენს მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იყო და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, გარდა იმისა, რომ ზურგის ტრავმა აწუხებს, დამატებითი ინფორმაცია მეც არ მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატის დროს ის დაისვენებს და იმედია, ახალი წლიდან ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.
2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის, სადაც ვთვლი, რომ ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, თუმცა ყველა სხვა ნაკრებთან შეგვიძლია ბრძოლა და წარმატების მიღწევა. მიუხედავად ბოლოდროინდელი წარმატებებისა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ 2-3 ნაბიჯით წინ ვართ და გავაგრძელოთ შრომა და გუნდის შენების პროცესი, რათა შევძლოთ ღირსეულად თამაში და წარმატების მიღწევა.
საბედნიეროდ, ახლა ნოემბერია და ივნისამდე ბევრი დრო გვაქვს იმ საკითხის მოსაფიქრებლად და გადასაწყვეტად, გავუშვებთ თუ არა 21-წლამდელთა ნაკრებში ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს. მთავარია, რომ იმ დროისთვის ფეხბურთელები ჯანმრთელები იყვნენ და საქართველოს დახმარება შეძლონ.
ახლა მსოფლიო ფეხბურთში უჩვეულო სიტუაციაა, რადგანაც წლის ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ბევრ ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში არასაკმარისი პრაქტიკა აქვს, ახალი შანსი მივცე. ჩვენ გვყავს ახალწვეულებიც, კონკრეტულად, ორი დებიუტანტი, გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი. ასევე, გუნდში დაბრუნდა ლევან შენგელია, რომელმაც საბერძნეთში ახალი კლუბი მონახა და იქ თავისი თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ჩვენთან ერთად არის გიორგი ბერიძეც, რომელიც თურქეთის ჩემპიონატში თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს.
მაროკო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. თუმცა, იმ რესურსით, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოს ნაკრებში გაგვანჩია, შეგვიძლია მათ წინააღმდეგ წარმატების მიღწევა. ჩვენი პოზიტიური სერიის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ყველა სერია მთავრდება, მაგრამ იმედი მაქვს ეს დიდი ხნის შემდეგ მოხდება. ჩვენთვის პრიორიტეტი შემდეგი ციკლისთვის მომზადება და ნორვეგიასთან შეხვედრისთვის კარგ ფორმაში ყოფნაა. მაროკოსთან ამ შეხვდრას ასევე იმ მიმართულებით ვუყურებ, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელების წარმატებული ინტეგრირება მოვახდინოთ.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო მატჩის შემდეგ, მას 2 დღე დასვენება დასჭირდება, ამ მომენტისთვის არ შემიძლია გითხრათ, შეუძლია თუ არა მას მაროკოს წინააღმდეგ თამაში.
რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ვფიქრობ გუნდის შიდა ატმოსფეროს სიჯანსაღისთვის მისი ნაკრებში ყოფნა გამართლებული არ იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ ფედერაციასთან და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის და სხვა ფეხბურთელების ზრდის, განვითარებისა და ევროპაში წარმატებული თამაშის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დღეს მათი ინდივიდუალური და შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირებულება იზრდება, რაც ძალიან მახარებს, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს წნეხის მიზეზი შეიძლება იყოს. პირიქით, მეტოქეთა თვალში საქართველოს ნაკრების ღირებულებას გარკვეულწილად ამაღლებს", -თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.