France Football: "კვარაცხელიას ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს"
ცნობილი ფრანგული გამოცემა France Football-ი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის, ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორია, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალის მაისის ნომერში წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სწორედ ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნება.
"შესაძლებელია, ხვიჩა წელს ნომინანტებს შორის იყოს. შესაძლოა, ცხრილის სათავეში არ იყოს, რადგან იტალიაში მისი პირველი სეზონია, თუმცა კანდიდატებში მოხვედრის შანსი აქვს. ოცნებობს ოქროს ბურთის მოგებაზე? რა თქმა უნდა, ის ფიქრობს, რომ ერთ დღეს ყველა მათგანზე უკეთესი იქნება", -წერს France Football-ი.
ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის რამდენჯერმე ბრიტანულმა Goal-მაც დაასახელა და ის საუკეთესო ათეულშიც შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.