ვილი სანიოლი: "კიტე მზად იქნება, პორტუგალიასთან კი მოსაგებად ვითამაშებთ..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გელზენკირხენის „ველტინს არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი პორტუგალიასთან ჩაატარებს.
"აქ წინა შეხვედრებზე სასაუბროდ არ ვარ. წინ პორტუგალიასთან მატჩი გველის. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საფეხბურთო შეხედულებებით ვხელმძღვანელობ. ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩემი გადასაწყვეტია.
კიტეიშვილის თამაშს რაც შეეხება, პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი..." - ვილი სანიოლი
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი, 26 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოსთვის ეს გადამწყვეტი დაპირისპირებაა, სწორედ ამ მატჩზეა დამოკიდებული გავალთ თუ ვერა შემდეგ ეტაპზე, ანუ 1/8-ფინალში. არის შანსი, რომ ნათამაშებმა ფრემ შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანოს, მაგრამ მოგება აუცილებლად ჯგუფიდან გასვლის ტოლფასია. წაგება კი ჩვენთვის ავტომატურად ევრო 2024-ის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.