ვილი სანიოლი: "ივნისის მატჩებისთვის სწორად მოვემზადეთ, მთავარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და ფორმაშია"
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"რამდენიმე ფეხბურთელმა სეზონი უფრო ადრე დაასრულა და შესაბამისად, მათთან ერთად, მომზადება ადრეული პერიოდიდანვე დავიწყეთ. მთლიანობაში, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მათი მზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და თან ყველა თავს ჯანმრთელად გრძნობს.
იქამდე, ვიდრე ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე თემურ ქეცბაიას შევხვდებოდი, მას პირადად არ ვიცნობდი. ის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და ვფიქრობ, მწვრთნელის რანგშიც რთულ მატჩს შემოგვთავაზებს.
სასიამოვნოა, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლების შესაძლებლობებსაც სხვა ნაკრებების მოთამაშეები პატივს სცემენ, თუმცა კვარაცხელიას გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში საკუთარი გუნდისთვის პროდუქტიული მოქმედებების შესრულება შეუძლიათ.
ჩვენი მეტოქის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებში მუშაობდა და მისთვის სიურპრიზის შეთავაზება მარტივი არ იქნება - ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგად იცნობს. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მიზანი 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს, ყველა სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.
ვფიქრობ, კვიპორსთან მატჩში კარში გიორგი მამარდაშვილი იქნება. რაც შეეხება შოტლანდიასთან მატჩს, თუ ტრავმირებული არ იქნება, მას თამაშის შესაძლებლობა იქაც მიეცემა. ვინაიდან, მამარდაშვილი ამ დონეზე თამაშობს, ვფიქრობ, ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად მზად არის", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.