Belive

ვილი სანიოლი: "სპალეტის ვეთანხმები, კვარას მეც ამაზე ვესაუბრე - მას გაუმჯობესება კიდევ შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით დაკომპლექტებული შემადგენლობა გამოიძახა.

შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრა.

"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ჯგუფში ყველაზე რთული მეტოქეა და ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. ვერ გეტყვით კმაყოფილი ვიქნები თუ არა ამ მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში - მთავარია მიზანს მივაღწიოთ, ჩვენი მიზანი ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნები ბედნიერი.

ხვიჩას შესახებ ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. მესმის, ის აჟიოტაჟი, რაც ახლა მის გარშემო ხდება, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ წარმოვიდგინო, რომ ჩემი ფეხბურთელები ჩემი შვილები არიან. მაგალითისთვის, ხვიჩა რომ ჩემი შვილი იყოს, მე მას ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ ის საუკეთესოა. 1 წლის წინ, როცა ის ჯერ კიდევ ყაზანში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პოზიტიურ რამეს აკეთებს, მაინც ბევრი კრიტიკა ხვდებოდა, დღეს კი განსხვავებული რეალობაა.

ამიტომ, ჩვენ ყველას კოლექტიურად გვევალება, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რასაც ვამბობთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ის "ნაპოლიში" აკეთებს. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ მას განსხვავებული ქვეყნის, ენის და კულტურის შეგუება უწევს. მას დიდი პოტენციალი აქვს და აქამდე მოსასვლელად ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ უნდა ვაცადოთ, რომ თავისი პოტენციალი სრულფასოვნად გამოავლინოს. კლუბი, ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრები, ფედერაცია, მწვრთნელები და ყველა ფეხბურთში ჩართული ადამიანი უნდა ვცდილობდეთ ამის გაკეთებას.

მე სრულიად ვეთანხმები ლუჩიანო სპალეტის. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი სივრცე სჭირდება. ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მე მას იგივე ვუთხარი, რომ ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს მატჩის ბედს. თუმცა, ის მხოლოდ 21 წლის არის და აქვს დრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოასწოროს. სპალეტი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, მისთვის საუკეთესო უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებაში დაეხმარება.

რაც შეეხება მიქაუტაძეს და თქვენ იცით, ის ერთა ლიგაზე ივნისის მატჩებში სულ სხვა ფეხბურთელი იყო იმასთან შედარებით, როგორც ის კოსოვოსთან და საბერძნეთთან მატჩებში გამოიყურებოდა.

ლოჩოშვილის შესახებ კი შემიძლია ის ვთქვა, რომ მახარებს მისი პროგრესი. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე უკვე ბევრი ფეხბურთელი გვყავს და ისინი თავს კარგად წარმოაჩენს, რაც კონკურენციას ზრდის და ეს სასიამოვნოა. ლოჩოშვილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იმისკენ, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური მცველი გახდეს.

კონკურენცია ყველა პოზიციაზე ნამდვილად გაზრდილია და ეს მახარებს, იქნება ეს მარჯვენა თუ მარცხენა მცველების და ცენტრალური ნახევარდაცვის ზონა. 

რაც შეეხება მეკარის პოზიციას, მე აქამდეც მითქვამს, რომ მახარებს ის ფაქტი, რომ 2 მაღალი დონის მეკარე მყავს გიორგი ლორიასა და გიორგი მამარდაშვილის სახით. რაც შეეხება კუპატაძეს, მან წინა წელს ჩვენს შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა, თუმცა ახლა უკლუბოდ იმყოფება და მისი არ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს არის. გვყავს დებიუტანტი ლევან შოვნაძის სახით, ასევე, რომ არა ტრავმა ნაკრებში ვიხილავდით დავით კერესელიძეს. 

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, რთულია ფიქრი კონკრეტულ შედეგზე და პროგნოზზე. ფეხბურთელებსაც იმას ვეუბნები, რომ იფიქრონ დღევანდელ და არა ხვალინდელ დღეზე.

ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესს ბევრი გუნდი გამოთქვამდა. მე საფრანგეთში მქონდა ბევრი კომუნიკაცია და საბოლოოდ, მან "ბორდო" აირჩია, სადაც ვფიქრობ, კარგი შანსი ექნება იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპაში კარგი კარიერა აიწყოს. მთავარია ის, რომ სტაბილურად ითამაშოს და არა ის, თუ რომელ ლიგაშია გუნდი - პირველში თუ მეორეში", - თქვა 45 წლის სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრების კალენდარი სექტემბრის თვეში:

23 სექტემბერი –  20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო

სხვა სტატიები