Belive

ვან'ტ სხიპი: "აიაქსისთვის, მიქაუტაძის საფრანგეთში დაბრუნება ფინანსური გადაწყვეტილება გახლდათ"

6 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" სომხეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ორი მატჩის შედეგად, ჯამში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, სომხეთი კი C დივიზიონში გააგრძელებს ასპარეზობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

9 გოლის გაშვება

"ძალიან რთულია 9 გოლის გაშვების შემდეგ განმარტების გაკეთება. ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში, პერსონალური შეცდომები გუნდს ძვირად დაუჯდა. პირველ შეხვედრაში გოლი აუტს მოჰყვა, შემდეგ ჩვენს ფეხბურთელს ჩაეძინა და მიქაუტაძე თამაშგარეშე მდგომარეობაში ვერ დავტოვეთ. დღევანდელ მატჩში, ბურთი მეტოქეს რამდენჯერმე ჩავაბარეთ და გოლი მივიღეთ. საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და როდესაც 6-7-ჯერ ასეთ შეცდომას უშვებ, ასეთ დროს ისჯები. ინდივიდუალურად, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობენ, ნაკრებში კი გუნდურ ფეხბურთს აჩვენებენ. მათგან განსხვავებით, ჩვენი ფეხბურთელები ტოპ გუნდებში არ თამაშობენ და გუნდივით არ ვთამაშობთ.

მიქაუტაძის აიაქსში ყოფნის შესახებ

როდესაც "აიაქსში" ვმუშაობდი, იმ პერიოდში "აიაქსიც" და მიქაუტაძეც სხვა სიტუაციაში იმყოფებოდნენ. "აიაქსს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა და გუნდს მიქაუტაძის სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სჭირდებოდა. პარალელურად, მიქაუტაძეს გუნდიდან წასვლა სურდა და ეს "აიაქსსაც" აწყობდა. არასოდეს მითქვამს, რომ მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელი არ იყო. მიქაუტაძის საფრანგეთში დაბრუნება ფინანსური გადაწყვეტილება გახლდათ.

პირველ ტაიმში განხორციელებული სამმაგი ცვლილება

როდესაც ნახევარი საათის შემდეგ 4:0-ს აგებ, ესე იგი ცვლილების განხორციელება საჭიროა. მთელი გუნდის გამოცვლა მსურდა. ახლა რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად ეფექტური გამოდგა ცვლილებები, თუმცა ამის შემდეგ, ნაკლები გოლი გავუშვით. ცხადია, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავით და ამაზე საუბარი უსიამოვნოა.

სხვა სტატიები