Belive

"სამი შეცდომა დავუშვით და საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა" - ჯონ ვან'ტ სხიპი

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მალევე 37-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა გიორგი მიქაუტაძეზე უზუსტესი გადაცემა გააკეთა და ჟორჟმა სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიშიც გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა, მან გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

დასანანია, რომ სამი შეცდომა დავუშვით და საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა, სამი გოლი გაგვიტანა და თამაში მოიგო. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია.

წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც დღეს თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა. თუმცა, ყველა მოთამაშის დახასიათება არ მსურს. სამწუხაროდ, დღეს შედეგი ვერ ვაჩვენეთ.

ფაქტია, რომ წავაგეთ. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე გამოვასწოროთ - ჯონ ვან'ტ სხიპი - სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.

სხვა სტატიები