"უკვე დავიღალე ყველაფრის მსაჯებზე დაბრალებით" - ტიბო კურტუა
გასულ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ბოლო მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს "ატლეტიკო" და "რეალი" დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა გოლი პირველივე წუთზე გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "სამეფო კლუბმა" იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის ყველაზე საკამათო მომენტი სწორედ 11 მეტრიანების სერიაში დაფიქსირდა, სადაც ხულიან ალვარესს გატანილი პენალტი გაუუქმეს. VAR-ზე გადახედვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არგენტინელმა დარტყმისას ბურთს ორივე ფეხი შეახო და გატანილი პენალტი გაუქმდა.
დიეგო სიმეონემ ამ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. ბევრი გულშემატკივარი ვიდეო ასისტენტის ვერდიქტს არ ეთანხმება და ამბობენ, რომ ალვარესი ბურთს არ შეხებია. ამ ყველაფერს გამოეხმაურა "რეალის" კარის დარაჯი ტიბო კურტუაც.
ყველამ კარგად ვიცით, რომ UEFA ყველაფერს ნათლად ხედავს. უკვე დავიღალე მსაჯების გამო ყველას თავი მსხვერპლად რომ გამოჰყავს. აღარ შემიძლია ამის გამო სხვების ტირილის მოსმენა. - განაცხადა ტიბო კურტუამ
"რეალი" მეოთხედფინალში "არსენალს" დაუპირისპირდება, რომელმაც "პსვ" მარტივად გამოთიშა ასპარეზობას. პირველი მადრიდულ-ლონდონური შეხვედრა 8 აპრილს 23:00 საათზე "ემირეით სთეიდიუმზე" გაიმართება.