Belive

უკრაინის უტეხი სული

2 წლის წინ ფეხბურთი
13 წთ

მეძინა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. დედაჩემი იყო. საათს დავხედე: 4-ის ნახევარი ხდებოდა. მივხვდი, კარგი ამბავი არ ხდებოდა.

არასოდეს დამავიწყდება თარიღი: 2022 წლის 24 თებერვალი. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკვე ყველა ანერვიულებული იყო, თუმცა არცერთ ნორმალურ ადამიანს სურდა იმისი აღიარება, თუ რა გველოდა წინ. დედაჩემის ზარმა ყველაფერი ცხადი გახადა.

ტიროდა. მითხრა, რომ აფეთქებისგან შენობა იძროდა.

ტელევიზორი ჩავრთეთ. ომი. უკრაინაში.

დრო გაჩერდა.

თავი უსუსურად და დამნაშავედ ვიგრძენი.

წესით, კიევში დედაჩემთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. ოჯახური სადილი უნდა გვქონოდა, ჩემს დასთან და მის მეგობრებთან ერთად.

თვითმფრინავის ბილეთებიც კი დავჯავშნე (19-29 თებერვალი), მაგრამ ბრიტანეთში საქმეები გამომიჩნდა, უკრაინაში გაფრენა 26-ში მიწევდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, სოციალურ მედიაში ვიდეოები გავრცელდა. ჩვენს მიწაზე რუსული ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ჭურვები ეცემოდა გზებს, ხიდებსა და აეროპორტებს, ქუჩები საცობმა მოიცვა. 1 დღეში, ათასობით ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება უკრაინაში გაატარა, ლტოლვილად იქცა.

შოკში ვიყავი. 4 შვილი მყავს და ჩემთვის ამ ყველაფრის გაგება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ მათი თვალებით დანახული სამყარო. როგორ ავუხსნა ჩემი 8 წლის ბავშვს, თუ რა ხდება?

ვერ გეტყვით, რამდენჯერ დავტენე ტელეფონი. მეგობრებს, ოჯახს, ყოფილ კოლეგებსა და თანაგუნდელებს მთელი დღის განმავლობაში ვურეკავდი.

მაინტერესებდა, იყვნენ თუ არა უსაფრთხოდ. როგორ არიან მათი ოჯახის წევრები? რა მოხდება? რა შემიძლია გავაკეთო?

ამ დროს პანიკაში ხარ, რადგან იცი, რომ შენმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სხვისი ცხოვრება გადაწყვიტოს.

ინსტიქტურად, პირველი, რისი გაკეთებაც მსურდა, ჩემი ოჯახის ქვეყნიდან გაყვანა იყო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის მკაფიო სიტყვები: "არ ვაპირებ წასვლას, ეს ჩემი სახლია".

იმ ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყანას მიმართა. გვითხრა, რომ კიევს არ დატოვებდა და რომ ქვეყნის დასაცავად უნდა გავერთიანებულიყავით. ქვეყნის არსებობის საკითხი სწორედ ამ არჩევანზე იდგა.

ასეთ მომენტში შენი აღქმა, პრიორიტეტები იცვლება.

რა არის წარმატება? საფეხბურთო მატჩის მოგება? ჩემპიონთა ლიგა? ფულის გამომუშავება? კარგი ბიზნესის მართვა?

არცერთი მათგანი არ არის რეალური.

პატარა პრობლემები უბრალოდ ქრება.

წარმატება თავისუფლებაა. წარმატება გადარჩენაა.

მომდევნო დღეებში, ახალ-ახალ ისტორიებს ვისმენდით.

მოხდა შემდეგი რამ: არამარტო ის, რომ ბევრმა ადამიანმა დარჩენა გადაწყვიტა, არამედ ისიც, რომ მსოფლიოში გაფანტულმა უკრაინელებმა დაბრუნება უყოყმანოდ გადაწყვიტეს. შედეგებზე არც ფიქრობდნენ - იცოდნენ, რომ დაბრუნება ევალებოდათ.

გავიგე, რომ 20 წლის ახალგაზრდებმა გზები გადაკეტეს და მტრისგან სოფელს ამ ხერხით იცავდნენ.

გავიგე, რომ დანგრეულ შენობაში, მეზობლების გამოსაყვანად, ხალხი შიგნით შედიოდა.

გავიგე, რომ ცოლ-ქმარი, პროფესიით ექიმები, ირპინის საავადმყოფოში მოხალისეებად წავიდნენ - ქალაქში, რომელშიც ბომბები ცვიოდა. მეგობრებს შეტყობინება დაუტოვეს: "თუკი რაიმე შეგვემთხვევა, ჩვენს შვილებზე მეურვეობის უფლებას ოფიციალურად გაძლევთ."

ქალაქი ნადგურდებოდა, ისინი კი ადამიანებს ეხმარებოდნენ. საბოლოოდ, წყვილი შვილებს უვნებელი დაუბრუნდა, მაგრამ ქვეყნის დასახმარებლად მათ ყველაფერი გვერდზე გადადეს.

ასეთი ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია. ისტორიები გმირების შესახებ.

ისტორიები, რომელიც გამაოგნებელ გამბედაობას და ასევე დაუჯერებელ ტკივილსა და წამებას ასახავდა. მყავს მეგობრები, რომლებიც ომმა შეიწირა. ქაოსში მყოფებს, მათი დატირების საშუალებაც არ მოგვეცა.

მე კვლავ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. მინდოდა, იქ ვყოფილიყავი, დამეცვა ჩემი სამშობლო და ოჯახი გარეთ გამომეყვანა. დედას ვუთხარი, "უკრაინაში ვბრუნდები", - მეთქი.

მან მიპასუხა: "ანდრეი, რატომ უნდა დაბრუნდე? შენ ჯარისკაცი არ ხარ, უნდა დარჩე იქ, სადაც ახლა იმყოფები. დაელაპარაკე ჟურნალისტებს უთხარი მათ სიმართლე. ომი მხოლოდ იარაღითა და ბომბით არ მიმდინარეობს. შეგიძლია გამოიყენო შენი პოპულარობა, კავშირები. მოიძიე ფული, სახსრები, მიიღე მხარდაჭერა. შენ შეგიძლია, ქვეყანას უფრო მეტი გაუკეთო იქედან, სადაც ახლა ხარ.

მომდევნო დღეებში, მისი დავალების შესასრულებლად ყველაფერი გავაკეთე. საოცარი იყო იმის დანახვა, რომ მსოფლიოში იმავეს არაერთი ადამიანი აკეთებდა.

მირეკავდნენ და უკრაინაში დახმარებას აგზავნიდნენ მსოფლიოს ყველა წერტილიდან - იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან…

უკრაინელებმა თავისუფლების ფასი კარგად იციან. ჩვენ ეს ქვეყანა ერთად შევქმენით.

ეს არის ახალი სახელმწიფო, რომელსაც დიდი წარსული აქვს. ჩვენი კულტურა, ენა და ისტორია საუკუნეებს ითვლის, თუმცა დამოუკიდებლობა სულ რაღაც 30 წლის წინ მოვიპოვეთ. ამ ფაქტის გათვალისწინებით (განსაკუთრებით ჩემს თაობაში), ვგრძნობთ, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გაიზარდა. ეს კავშირი კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისი დაკარგვა არ შეგვიძლია.

ჩემი ისტორია უკრაინის ისტორიაა.

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ბავშვობაში, კიევზე შეყვარებული ვიყავი. ქალაქის ყველა ნაწილში ფეხბურთს ვთამაშობდი. ვჯდებოდი ავტობუსში, მეტროში ან ნებისმიერ ტრანსფორტში და ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი.

1991-ში, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დინამო კიევის აკადემიაში ვთამაშობდი. მოსკოვშთან ახლოს, 1 თვის განმავლობაში, ტურნირი მიმდინარეობდა. ახალ ამბებს ყოველდღე ვუყურებდი. გორბაჩოვი, ელცინი და მთელი ეს ნაგავი, საბჭოთა ცრუ რეალობა ჩემს თვალწინ ინგრეოდა. როდესაც მატარებლით სახლში ვბრუნდებოდით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. მაგრამ როდესაც კიევის მთავარ სადგურს მივუახლოვდით, ჩვენ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში დავდგით ფეხი.

მახსოვს დროშები… ყველგან ხორბლისფერსა და ცისფერს ვხედავდი. ყველა ბედნიერი იყო.

იმავე ემოცია მქონდა მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოვირგე. მაშინ 16-წლამდელთა გუნდში, ნიდერლანდების წინააღმდეგ, ანგარიშით 2:2: ვითამაშეთ.

რთულია იმისი აღწერა, თუ რა ხდებოდა ლვოვში იმ ღამით. გადავსებულ სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი იმისთვის შეიკრიბა, რომ U-16 გუნდის თამაში ენახა. ისინი გულშემატკივრობდნენ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა უკრაინას და არა საბჭოთა კავშირს.

თუ არ იცით, გეტყვით, რომ ფეხბურთს უკრაინის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ჩემი კუმირები ოლეგ ბლოხინი და იგორ ბელანოვი იყვნენ - ოქროს ბურთის მფლობელი საოცარი ფეხბურთელები. თუმცა ჩემმა თაობამ ადამიანები ერთმანეთთან სხვანაირად დააკავშირა. თამაშს ჩვენთვის სხვა დატვირთვა ჰქონდა. ჩვენ ვქმნიდით რაღაც ისეთს, რომელიც ფეხბურთზე გაცილებით მაღლა იდგა და მას ეროვნული იდენტობა ერქვა.

წლების შემდეგ, ევრო 2012 უკრაინაში გაიმართა. მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავედი, ირგვლივ საერთო ეროვნული სიამაყე იგრძნობოდა. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, ავაშენეთ სტადიონები, გავაუმჯობესეთ სერვისები იმისთვის, რომ ევროპიდან ჩამოსულ ვიზიტორებს ჩვენი ქვეყანა შეყვარებოდათ. ამ დროს, მე უკვე 35 წლის ვიყავი და ზურგში ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ ამ მომენტს ვერაფრით გამოვტოვებდი.

ევრო 2012-ის შემდეგ, ზუსტად 10 წელი გავიდა. ჩვენს ტეროტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და ყველაფრის დაკარგვის საშიშროება პირველად ვიგრძენი - ამის უფლებას არავის მივცემთ.

უკვე 6 თვეზე მეტია, ომი მიმდინარეობს (სტატია თავდაპირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა). ჩვენი სამხედროების საოცარი გამძლეობისა და დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ აქ ვართ. ადამიანების ნაწილი საცხოვრებელს დაუბრუნდა, ეროვნული ჩემპიონატიც კი აღდგა - ჩვენ სტანდარტულ ცხოვრებას ვუბრუნდებით.

თუმცა დასასრული ჯერ შორსაა და ამ გზიდან გადახვევა არ შეიძლება. ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველგან შეიძლება მოხდეს, ეს ყველას ეხება. ეს არის ბრძოლა უკრაინისთვის, ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის. შესაძლოა, ჩემს სიტყვებს მშვიდობიან ადგილას ისმენდეთ და ფიქრობდეთ, რომ ომისგან შორს ხართ, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ. შესაძლოა, ერთ დროს იმავეს უკრაინელებიც ფიქრობდნენ, თუმცა რეალობაა ისაა, რომ სამყარო ასე არ არის მოწყობილი. თუკი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს არ ვისწავლით და ერთად არ დავდგებით, მომხდარი აუცილებლად განმეორდება.

ომის დაწყების შემდეგ, კიევში პირველად აპრილში დავბრუნდი, როდესაც ფონდისთვის და პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივისთვის ვმუშაობდი. მე სხვა რეალობა ვნახე. პირველი, რაც გულში მომხვდა, სიჩუმე იყო. თუკი უკრაინისკენ მიმავალი მატარებლით გიმგზავრიათ, ალბათ გახსოვთ ის ხმაური: გადაჭედილი ვაგონები, ხმამაღლა მოსაუბრე ოჯახები, მორბენალი ბავშვები, სიცილი...

ახლა კი სრულ კონტრასტს ვხედავდი: სიჩუმე, ნახევრად ცარიელი ვაგონები, გაყინული და უემოციო სახეები - ჩვენ საომარ ზონაში შევდიოდით.

სადგურზე ჯარისკაცები დაგვხვდნენ, ისინი ოჯახებს ელოდებოდნენ. დედები, ცოლები და ბავშვები მათ მკლავებში ტიროდნენ - ეს განშორების თვეების შემდეგ, პირველი შეხვედრა იყო.

ჩემს მეგობართან ერთად, კიევში ფეხით გავიარე. მინდოდა, ჩემი ბავშვობის ადგილები მენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ შენობები კვლავ იქ იდგნენ. მინდოდა ადამიანებს ჩავხუტებოდი და მათი ემოცია შემეგრძნო.

ეს ჩემი ქალაქია. ადგილი, სადაც ბავშვობაში მეტროთი დავდიოდი. ყველა კუთხეში ჩემი მოგონებაა დამალული, მაგრამ ყველაფერი დაკეტილი დამხვდა, ქუჩაში დაუჯერებლად ცოტა მანქანა მოძრაობდა, სიჩუმეს კი დღეში რამდენჯერმე, სირენების ხმა არღვევდა.

მოვინახულე ადგილები, სადაც გავიზარდე. სკოლები და მოედნები, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი.

როდესაც შენი ბავშვობის მოგონებებს რაკეტებითა და ცეცხლით ანადგურებენ, ეს შენ დიდ დარტყმას გაყენებს. კიევის მიღმა, სიტუაცია გაცილებით უარესია.

უკრაინაში მეორედაც ჩავედი და ირპინს ვეწვიე. ერთ დროს ლამაზი ქალაქი იყო, ახლა კი უბრალოდ აღარაფერია დარჩენილი.

შავი.

მიწასთან გასწორებული.

განადგურებული ქალაქი.

წავედი ბოროდიანკაში, ბუჩაში, ჰოსტომელში. სიტუაცია იგივე იყო.

საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ეს არ არის კინო, ეს რეალობაა.

ვნახე ბავშვები, საშინელი ჭრილობებით. მოვისმინე, თუ როგორ იმსხვერპლა ბომბმა ადამიანების კიდურები, ადამიანთა სიცოცხლე. გულწრფელად გეტყვით, ვეღარ გავუძელი, ამდენი სევდის ატანა უკვე შეუძლებელი იყო.

ეს არის ომი.

და რისთვის? ვერ ვხვდები, როგორ ავუხსნა ჩემს შვილებს, ახლაც ვერ ვპოულობ პასუხს.

ადამიანები ბრუნდებიან, თუმცა სიტუაცია კრიტიკულია.

დროებითი თავშესაფრები ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს. მალე კი ზამთარი დადგება.

მათ დასახმარებლად რაც შეიძლება მეტი სახსრები უნდა მოვიძიოთ და სიმართლის თქმა გავაგრძელოთ. სწორედ ესაა ჩემი პრიორიტეტი.

ვხვდები ტოპ სპორტსმენებს, რომლებიც დახმარებისთვის მზადყოფნას აცხადებენ. იგა შვიონტეკმა კრაკოვში საქველმოქმედო მატჩი გამართა, რობერტ ლევანდოვკი კი მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს.

სპორტს აქვს საშუალება, გავლენა იქონიოს ადამიანთა აზრზე. მე კვლავ ოპტიმისტად ვრჩები. ვხედავ პროგრესს, ვხედავ ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს.

ომმა შეგვცვალა, მაგრამ ყველაზე ღირებული უცვლელია.

ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი თავისუფლება და მომავალი.

ერთსაც გეტყვით და ამით დავასრულებ: ირპინში მშვენიერი საფეხბურთო მოედანი იდგა. იქვე იყო საფეხბურთო აკადემია და ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელოვნურსაფარიანი მოედნები. დაბომბვას მხოლოდ 1 მათგანი გადაურჩა.

ქალაქის მერს ფონდების მოსაძიებელ კამპანიაზე უკვე ვესაუბრე, მაგრამ ეს არაა მთავარი. მე ვნახე 12 წლამდე ბავშვები, რომლებიც იმ ერთადერთ გადარჩენილ სტადიონზე იდგნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ.

ბავშვებმა ეს არ უნდა გამოცადონ, მაგრამ ისინი იქ არიან.

ჩემთვის კი, უკრაინის უტეხი სულის ნათელი სიმბოლო სწორედ ეს ბავშვები არიან.

სხვა სტატიები